მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წლის პირველი ნახევარი 80 მილიონის ზარალით დაასრულეს

5d78dade23b71
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.19 16:30
1466
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 53 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.

კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა; მოგების ნაცვლად კი, ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან.

მეორე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1,334,164,316 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით ნაკლებია, ამ ორგანიზაციების ჯამური ზარალი კი, 2019 წლის 6 თვის მდგომარეობით 79.927,000 ლარს შეადგენს.

მიკროსაფინანსო ბაზრის შემცირება პირველ რიგში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორისთვის თამაშის წესები შეიცვალა. ახალი რეგულაციები განსაკუთრებით მძიმე სწორედ მისო-ებისთვის აღმოჩნდა, რადგანაც ისინი ძირითადად ფიზიკურ პირებზე გასცემენ სესხებს, მათი მომხმარებლების რისკიანობის დონე კი, საშუალოდ ბანკის მომხმარებლებზე უფრო მაღალია.



ცვლილებების შედეგად საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც, ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.

განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

სებ-ის მიერ დადგენილი 4 საშემოსავლო კოეფიციენტი მათი მაქსიმალური ჭერის მიხედვით ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ია.