მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება მინიმუმ 10-15%-ით უნდა გაიზარდოს“

623abed26cd5f
თათია ჩაფიჩაძე
23.03.22 23:30
1021
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამშენებლო ბიზნესს შეხვდა. შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა შორის უმთავრესი ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები იყო.

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებში ამბობენ, რომ რეგიონში მიმდინარე ომმა მასალების თვითღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში 50-70%-ით გაზარდა, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი პროექტები ვერ შესრულდება.

ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება (ან გაიაფება) და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დარგში არსებული ვითარების შესასწავლად და გამოწვევების დასაძლევად საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელმაც წესით პრობლემის გადაჭრის გზები სექტორს უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინოს.

„პრობლემა ეხება ყველა კომპანიას, ვინც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველა დგას რისკის წინაშე რომ ვერ შეასრულოს ის ვალდებულება, რაც აღებული აქვს ან განახორციელოს და შემდგომ დადგეს გადახდისუუნარობის წინაშე. ამ პრობლემამ ყველა სხვა გლობალური საკითხი უკან გადაწია, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ საკითხზე სწრაფი რეაგირება იქნება.

ინდექსაციის შემოღება გულისხმობს მარტივ პრინციპს, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ხდება საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ სავარაუდო თანხის დათვლა, რითაც გადააჭარბა კომპანიამ საბაზრო ფასებს. ეს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი, როდესაც იაფდება, ეკონომიას სახელმწიფოც იღებს. ასეთი მიდგომა ხელსაყრელია ორივე მხარისთვის, რადგან მისი არსებობის პირობებში კომპანიები რეალისტურ ფასს აწვდიან სახელმწიფოს, არ დებენ თავის ფასში დამატებით რისკის დაზღვევას და შესაბამისად პროდუქტის ღირებულებაც ხელოვნურად არ იწევს მაღალა.

2020-2021 წწ ყველამ დაასრულა ზარალიანად, უარესის მოლოდინია დღეს, წლიდან წლამდე კარგავს ბაზარი კონკურენტუნარიანობას, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, კონკურენტიანობაზე კითხვის ნიშნები გაჩნდება, რუკიდან გაქრება ბევრი კომპანია, რომელიც დღეს ეკონომიკურ დოვლათს ქმნის და გვაძლევს ინფრასტრუქტურულ პროექტებს", - აცხადებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარაშვილი.

აღსანიშნია, რომ სამშენებლო კომპანიები ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას რამდენიმე წელია ითხოვენ, რასაც ძირითადად, დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებით და ხშირი რყევებით ხსნიდნენ, აღნიშნულს ბოლო ორი წელია პანდემიის მიზეზით გართულებული ლოგისტიკა, დღეს კი ომის გამო გაძვირებული სამშენებლო მასალები დაემატა.

სამშენებლო კომპანია „ინსის" გენერალურმა დირექტორი ზვიად თოიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფასების დაკორექტირების გარეშე კომპანიები ამ კრიზისს ვერ გადაიტანენ, რადგან მათი მოგების მარჟა საშუალოდ 8%-ია. თოიძე ფიქრობს, რომ პროექტების ბიუჯეტი საშუალოდ 10-15%-ით უნდა გაიზარდოს.

„შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დამკვეთები, მინისტრმა მოისმინა ყველას პოზიცია და დაგვპირდა რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელმაც წესით ძალიან მალე უნდა გადაჭრას ეს პრობლემები, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია მუშაობის გაგრძელება.

მასალებზე ზრდა საშუალოდ 30%-ია, ზოგ რაღაცაზე ფასი მომატებულია 50%-ით, რაღაცაზე 20%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში 70%-იანი ზრდაც ფიქსირდება. კონტრაქტების მიხედვით რთულია თქმა რამდენით უნდა გაიზარდოს დაფინანსება, გააჩნია კონკრეტულ პროექტში რა მასალა რა მოცულობით მონაწილეობს, ფასის ზრდა ჩვენი ვარაუდით მინიმუმ 10-15% უნდა იყოს, თუ ფასები კიდევ ზევით არ წავიდა.

მოლოდინები ოპტიმისტური გვაქვს, 2 სთ-ის განმავლობაში დეტალურად მოისმინა მინისტრმა ყველაფერი, რა უნდა ქნას კომპანიამ როცა მოგება მაქსიმუმ 8%-ია გათვალისწინებული? ამიტომ ესმის რომ პროექტებს შეიძლება საფრთხე შეექმნას, მითუმეტეს რომ უკვე გამოვიარეთ კოვიდის ეპოქა, რომელიც ასევე ძალიან რთული იყო. იმ ზარალებიდან ვერ გამოვედით ჯერ და დღეს კიდევ დაგვემატა ახალი კრიზისი. იმედი გვაქვს, რომ რეაგირება იქნება უსწრაფესი, დაპირება მივიღეთ რომ დღეს-ხვალ უნდა შეიქმნას ჯგუფი და იმედია 2-3 კვირიან ვადაში გვექნება სურათი.“ - განაცხადა BM.GE-თან ზვიად თოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები