17.სექტემბერი .2021 12:47

მინისტრი იმედოვნებს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით ვაქცინაცია გააქტიურდება

მინისტრი იმედოვნებს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით ვაქცინაცია გააქტიურდება
views 206
უკან

„ვიმედოვნებთ, ვაქცინაციის პროცესი პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით გააქტიურდება“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მექანიზმებს შეეხებოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით არაერთი მოტივატორი განიხილება, თუმცა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივირება და ინფორმირება ამ პროცესში მნიშვნელოვანია.

„გუშინ ზუგდიდში სხვადასხვა ჯგუფის ექიმებთან შეხვედრები გვქონდა. მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მეტად უფრო აქტიური ჩართულობა, ექიმების მოტივაცია და დამატებით ინფორმირება, ვინაიდან მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ხიდს სწორედ ისინი წარმოადგენენ, რომლებმაც ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებასთან მიმართებით სწორი აგიტაცია უნდა გასწიონ. ეს პროცესი დაწყებულია და დიდი იმედი გვაქვს, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით უფრო მეტად გააქტიურდება“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - რას უპირისპირებს სახელმწიფო კორონავირუსის გავრცელების მოსალოდნელ მეხუთე ტალღას, ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსახლეობის სწორი ჯგუფების ვაქცინაცია და შესაბამისად, იმუნური ფენის ჩამოყალიბება, მეხუთე ტალღის სიმძიმეს შეამცირებს.

„არაერთხელ ვამბობთ, თუმცა რატომღაც ეს სათანადოდ არ მიდის მოსახლეობამდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ჯგუფების აცრა, რომელიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ გავააანალიზეთ ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებისა და ლეტალობის სტატისტიკა და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გენდერულ და ასაკობრივ ჭრილში პირამიდის განხილვა. მკაფიოდ გამოჩნდა ფაქტი, რომ 60 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. სწორედ აქედან გამომდინარე, სწორ ჯგუფებში აქტიური ვაქცინაციის პროცესის ჩატარება იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც მოსალოდნელ მეხუთე ტალღას დაუპირისპირდება და რის შედეგადაც ჩვენ ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას შევძლებთ, ანუ საავადმყოფოები ისე არ დაიტვირთება როგორც ეს მეოთხე ტალღის დროს იყო და ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა