მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღებთ თუ არა 1 ივლისიდან უცხოელ ტურისტებს, მთავრობას გადაწყვეტილი არ აქვს

5ef07e553a902
თელარა გელანტია
22.06.20 13:45
5124
„საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს“, - ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული.

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, გადაწყვეტილებები მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიიღება.

როგორც ცნობილია, საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს.

ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება.

„საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს”, - აცხადებენ მთავრობაში.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე, კლინიკებში არსებულ შესაძლებლობებზე.