მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის კაპიტალიზაცია რეკორდულ $430 მილიარდამდე გაიზარდა

63c694177f10a
გიორგი თოლორდავა
17.01.23 16:38
868
მოდის ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის საბაზრო კაპიტალიზაცია საფონდო ბირჟაზე რეკორდულ 430 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ის ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს, TSMC-ის, NVIDIA-სა და JPMorgan-ის გვერდით.

1987 წელს პარიზში დაფუძნებული LVMH ამჟამად ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი ხელმძღვანელი ბერნარ არნო კი - პლანეტის უმდიდრესი მეწარმე. Forbes-ის შეფასებით, არნოს ქონება 210 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ილონ მასკს $65 მილიარდით უსწრებს.

ბოლო პერიოდში LVMH-ის აქციების მკვეთრი ზრდა ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, აზიის რეგიონი LVMH-ის შვილობილი კომპანიების მთავარი სარეალიზაციო ბაზარია, ჩინეთის გახსნა კი პირდაპირ უწყობს ხელს კომპანიის შემოსავლების ზრდას.

მრავალპროფილური ჰოლდინგი 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loewe, Loro Piana, Kenzo, Celine, Sephora, Princess Yachts, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

აღსანიშნავია, რომ ბერნარ არნოს გადაწყვეტილებით, კომპანია Christian Dior-ის გენერალურ დირექტორად მისი ქალიშვილი, დელფინ არნო დაინიშნა; Louis Vuitton-ის CEO კი მისი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი, პიეტრო ბეკარი გახდა. გარდა ამისა, გასულ თვეს Dior-ის თავმჯდომარედ ბერნარის ვაჟი, ანტუან არნო დაინიშნა. ყოველი ეს ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ არნოს მოდის ინდუსტრიასა და LVMH-ის შვილობილ კომპანიებზე საკუთარი ოჯახის გავლენის გაძლიერება სურს.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, 73 წლის მეწარმე LVMH-ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არც კი განიხილავს, უფრო მეტიც, უშუალოდ არნოს ბრძანებით, LVMH-ის შიდა წესდება შეიცვალა და ჰოლდინგის ხელმძღვანელის მაქსიმალური დასაშვები ასაკი 75 წლიდან 80-მდე გაიზარდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.