მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკა 2020 წლისთვის მძიმე არჩევანის წინაშე დგას – სებ-ის ანგარიში

5f351056dc3bf
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 14:01
1550
საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც მიმდინარე, ისევე წინა პროგნოზით, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, რადგანაც, მიმდინარე შეფასებით, 2020 წელს მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები მოთხოვნის შემცირების ეფექტს გადაწონის. თუმცა შემდგომ - პირიქით - მოთხოვნის სისუსტე ინფლაციას დროებით მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოიყვანს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში", რომელსაც ყოველკვარტალურად გამოსცემს.

სებ-ის შეფასებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ბოლო პერიოდის დინამიკა პრაქტიკულად ემთხვევა პანდემიის დასაწყისში არსებულ პროგნოზს, – "კერძოდ, ფაქტობრივმა წლიურმა ინფლაციამ 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა პროგნოზის შესაბამისად, 6.5% შეადგინა. აღნიშნული არის ორი ურთიერთსაპირისპირო ფაქტორის - შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის, რაც ინფლაციას ქვემოთ ექაჩება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე გაზრდილი ერთეული პროდუქტის ხარჯის, რაც ინფლაციას ზემოთ ექაჩება და ეკონომიკის მიწოდების შოკს წარმოადგენს - დაბალანსების შედეგი".

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიღებული მნიშვნელოვანი საგარეო დახმარება მძიმე შოკის შედეგებს ნაწილობრივ დააკომპენსირებს, მონეტარული პოლიტიკა 2020 წლისთვის მაინც მძიმე არჩევანის წინაშე დგას. საწარმოო პოტენციალის დროებითი შეფერხებები, მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები და ქვეყნის გაზრდილი სუვერენული რისკ პრემია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის საჭიროებას აჩენს.

„მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრი ვარდა პირიქით - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას საჭიროებს. რადგანაც მოთხოვნის შესუსტების ფაქტორი, ჩვენი შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანია, მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2020 წლის მანძილზე ეტაპობრივად შემცირდება. ინფლაციის მოლოდინების შემცირების პარალელურად შესაძლოა, რომ იგი დროებით ნეიტრალურ განაკვეთსაც კი ჩამოცდეს. არსებული შეფასებით, ნეიტრალური განაკვეთი 6.5%-ის ფარგლებშია“, – წერია ანგარიშში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, თუკი ინფლაციური ზეწოლა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდება, ვიდრე ამ ეტაპზეა მოსალოდნელი, ეროვნული ბანკი მზადაა, პირიქით, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მიმართოს, სანამ ინფლაცია მის მიზნობრივ ნიშნულს არ დაუბრუნდება:

“ამდენად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ის ასახავს საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. შესაბამისად, თუკი საგარეო ან/და შიდა ფაქტორები მოსალოდნელისგან განსხვავებული იქნება, ეს საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებზეც მოახდენს გავლენას“.