საქართველოს მთავრობა კოვიდ-ტესტის პასუხების შესამოწმებლად მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდის ამოქმედებაზე მუშაობს.
სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გუშინ საღამოს გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.
Pasuxebi.moh.gov.ge - ეს იქნება ვებგვერდის მისამართი, სადაც მოქალაქეებს კოვიდზე ტესტირების პასუხების შემოწმება პირადი ნომრებისა და ტელეფონის ნომრის მითითებით შეეძლებათ, რომელიც ნიმუშის აღებისას სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს მიაწოდეს.
BM.GE-ი ჯანდაცვის უწყებას აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია და ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავი იკავებენ.