მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: პირბადის ტარება 3 ქალაქში გარე სივრცეებშიც აუცილებელი ხდება

5f928a59ddb1e
ვიქტორია მღებრიშვილი
23.10.20 11:44
8212
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეებშიც აუცილებელი გახდა.

"ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში და ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, აღნიშნული გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ. ნათია მეზვრიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ მოქალაქეები დაიცავენ ამ მკაცრ რეკომენდაციას და არ გახდება საჭირო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯარიმების დაწესება.

"ეს გაკონტროლდება ასე ვთქვათ შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ, ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარეთ პირბადე ვატაროთ, იქ, სადაც განსაკუთრებით დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ ამას მაქსიმალურად გაგებით მოვეკიდოთ და დავიცვათ იმისთვის, რომ შემდეგ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება, იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები ამ წესს შეასრულებენ. პირბადე არის ქმედითი საშუალება, დისტანციის დაცვასა და სხვა წესებთან ერთად, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს და რეალურად, პირბადე გვიცავს, ამიტომ გთხოვთ, რომ ეს რეკომენდაცია მაქსიმალურად შეასრულოთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები