მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2025 წლამდე ინტერნეტიზაციისთვის 1.6 მლრდ. ლარამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

5e29a16fc2a21
ინგა მურუსიძე
24.01.20 09:00
3928
მთავრობა 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის 1.6 მლრდ ლარამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვამია ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში.

მთავრობა ვარაუდობს, რომ ინვესტიციების მოზიდვა ძირითადად, კერძო სექტორიდან არის მოსალოდნელი.

კერძოდ, სტრატეგიაში ნათქვამია: „სტრატეგიული ამოცანების მიღწევა გულისხმობს სამართლებრივი და მარეგულირებელი ინტერვენციების ერთობლიობას, რომელსაც მოყვება ბაზრის შემდგომი გახსნა და ინვესტიციების მოზიდვა. მსოფლიო ბანკის ექპერტების შეფასებით, საჭირო მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარს(დაახლოებით 1.6 მლრდ. ლარი) შეადგენს. ინვესტიციების უდიდესი ნაწილი, ისტორიული და მიმდინარე ტენდენციების თანახმად, კერძო სექტორიდან არის მოსალოდნელი.

როგორ სრულდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ამის მონიტორინგს განახორციელებს "მაღალი დონის საკოორდინაციო ჯგუფი", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი განკარგულება 56-გვერდიანია და ძირითადად ინტერნეტის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი დეტალურად, საიდან უნდა იქნას მოძიებული ინვესტიციები და ვინ დააფინანსებს პროექტს კონკრეტულად.

რაც შეეხება მიმოხილვას, დოკუმენტის მიხედვით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზარი საქართველოში სწრაფად გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ისევე, როგორც გლობალურად და რეგიონის ბევრ განვითარებად ქვეყანაში.

ამასთან, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოს შინამეურნეობების დაახლოებით 2/3 ფიქსირებული ფართოზოლოვანი სერვისის აბონენტი იყო, ხოლო მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტკავშირის მომხმარებლების რაოდენობა შეადგენდა მობილური სატელეფონო მომსახურეობის მთლიანი აბონენტების ნახევარზე მეტს.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კერძო სექტორს დანერგილი აქვს უახლესი ტექნოლოგიები და 4G ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა 82% ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირებს იყენებს, რომლის წილიც ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში.

გარდა ამისა, სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოში მობილური კავშირის შეღწევადობა დაახლოებით 140%-ია და მონაცემთა სხვადასხვა წყაროების შეფასების თანახმად, მთლიანი აქტიური აბონენტების დაახლოებით ნახევარი 3G და 4G მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელია.

სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება არის გამახვილებული სააბონენტო და სხვა გადასახადებზე. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს 53-ე ადგილი უკავია 137 ქვეყანას შორის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის სააბონენტო პაკეტების თვალსაზრისით. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ მობილური ინტერნეტმომსახურეობა შეიძლება იყოს იაფი, მაგალითად თვეში 3 ლარი, მონაცემთა განსაზღვრული მოცულობის - 500მბ-სთვის, მაგრამ ასევე გაცილებით ძვირიც - ულიმიტო პაკეტისთვის, რომლებიც შეიძლება ღირდეს თვეში 100 ლარზე მეტი.

მთავრობის განკარგულება