13.მარტი .2020 16:10

მთავრობა 300 მილიონით გაზრდილ ხარჯს სავარაუდოდ, ვალით დააფინანსებს

views 386
უკან

პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრემიერმა წარადგინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტის შერბილებას ისახავს მიზნად. ამ პაკეტის მიხედვით მოხდება სახელმწიფო ხარჯების ზრდა, ტურისტული სექტორისთვის გადასახადების გადავადება და მათთვის საბანკო ვალდებულებების თანადაფინანსება. ასევე პაკეტის ნაწილია ინფრასტრუქტურული ხარჯების დამატებით 300 მილიონით გაზრდა. 

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროგრამის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც 300 მილიონი ლარი უშუალოდ ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

"ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარის გამოყოფა კი არ არის დაგეგმილი, არამედ არის მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული. მათ შორის გადასახადების გადავადება ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის. მათთვის პირველ ნოემბრამდე გადასახადების გადავადება 100 მილიონს ჩატოვებს ეკონომიკაში. ამას გარდა სხვა ღონისძიებებზეც არის საუბარი. დღგ-ის დაბრუნებას ვახდენთ, მაგრამ მოხდება დამატებით, ძველი დღგ-ის ვალდებულებების ჩაფარვა და არა მარტო მიმდინარესი. უშუალოდ ბიუჯეტის კუთხით, საუბარი არის 300 მილიონამდე გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯვაზე, რომელიც რეგიონებში განხორციელდება.  

საერთო ჯამში - ეს შეღავათი თუ გაზრდილი ხაჯვა თანხობრივად შეადგენს 1 მილიარდი ლარის მოცულობის პაკეტს,"- განაცხადა მინისტრმა.

BMG-ის კითხვაზე, თუ საიდან დააფინანსებს მთავრობა ამ გაზრდილ ხარჯებს ივანე მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს ვალდებულებების აღებით მოხდება. 

"ჩვენი ძალისხმევა საბოლოო ჯამში მიმართულია იქითკენ, რომ ეკონომიკა დაუბრუნდეს თავის ორგანულ ნიშნულს, ეს არის ის მიდამო, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ მდგრადად გვიჭირავს - 5%-ის მიდამოში და რასაკვირველია, საბოლოო ჯამში ეს მისცემს სტაბილიზაციის საშუალებას იმ ნაწილსაც, მოკლე ვადაში ეს იქნება გაზრდილი დეფიციტი ან საგარეო ვალი, რომელიც საბოლოო ჯამში ქართულმა ეკონომიკამ უნდა დააგენერიროს ის სტიმული, რომელსაც ჩვენ ამ მოკლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ასევე ირკვევა, რომ მომდევნო კვირაში მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას.

"ჩვენ სამშაბათს ალბათ გვექნება ერთობლივი ჩართვა, ვიდეოკონფერენცია სავალუტო ფონდთან, ჩვენ მათ ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ, მოვისმენთ მათ შეფასებას როგორც გლობალური ეკონომიკის, ასევე საქართველოს ეკონომიკის კუთხით,"- აღნიშნავს მინისტრი. 

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა კი განაცხადა, რომ IMF-თან კონსულტაციებთან ერთად, კონსულტაციები მსხვა დონორ ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობს.  

"გიპასუხათ უკვე ბატონმა ვანომ [მაჭავარიანმა], რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ, რომ ამ ყველაფრის დაფინანსება ხდება ბიუჯეტიდან. კონსულტაციები, როგორც IMF-თან მიმდინარეობს, ასევე სხვა პარტნიორებთან, რომლებიც კორონავირუსიდან გამომდინარე მზად არიან, გამოყონ დამატებითი რესურსები მსოფლიოში და შესაბამისად ამ საერთო თანხების მობილიზება იქნება ამის დაფინანსებისთვის",- აღნიშნა მან. 

აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებისთვის და ხარჯების ზრდისთვის, მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა