მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების დაფარვას ახალი ვალის აღების გარეშე განიხილავს

5f7050f92ba46
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.20 12:21
1364
2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევრო-ობლიგაციების დაფარვა უწევს. ამ ვალდებულების მომსახურებისთვის სახელმწიფოს ორი ალტერნატივა აქვს. მათგან პირველი ვალის დაფარვა და მის სანაცვლოდ ახალი საგარეო ვალდებულებების აღებაა (რეფინანსირება). ახალი ვალი შეიძლება იყოს როგორც ევრო-ობლიგაცია, ასევე სხვა სახის საგარეო ვალი. ევრობონდების დაფარვის ალტერნატივა კი კრედიტის ისე მომსახურებაა, რომ მის სანაცვლოდ ახალი ვალის აღება არ გახდეს საჭირო. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა, რომ მთავრობა ორივე ვარიანტს განიხილავს. მისი განცხადებით, მართალია საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არაა, თუმცა თუ ამ ვალდებულების სრულად გასტუმრება მოხდება ახალი კრედიტის გარეშე ეს ინვესტორებისთვის კარგი სიგნალი იქნება. ამასთან, ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო ვალის ოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. 

“რაც შეეხება ევრობონდებს, ბიუჯეტში აისახება როგორც დაფარვა, ავიღებთ თუ არა იგივე სესხს ამაზე ინვესტორებთან ვსაუბრობთ და იმ ვერსიას სერიოზულად ვამუშავებთ, რომ სრულად დავფაროთ, თუმცა გადაწყვეტისთვის ჯერ კიდევ დრო გვაქვს.

შეიძლება ჩვენ საშუალება გვქონდეს, ევრობონდი დავფაროთ, ვალის შემცირება კარგი სიგნალი იქნება. IMF-თან ყველაზე რთული მოლაპარაკების ველი ბიუჯეტის დეფიციტია.

წლის ბოლოს უფრო მეტი პოზიტივი თუ იქნება, შესაძლოა დავფაროთ, თუ მეტი რისკია, მაშინ შეიძლება ბუფერად გამოვიყენოთ. ბოლო შესაძლო მომენტამდე ამ ორივე ოფციას შევინარჩუნებთ. მეტი ინფორმაცია გვექნება და უფრო სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევების ფონზე რეფინანსირების გარეშე დავფაროთ ევრობონდები ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება და საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებით საგრძნობლად შეამცირებს” - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

$500-მილიონიანი ევრობონდები საქართველოს მთავრობამ 2011 წელს გამოუშვა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული $500 მილიონიანი ევრო-ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. 

ივანე მაჭავარიანი "Forbes-ის კვირაში"