მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დაადგენს, რა ფორმით ჩაიწეროს საპენსიო სესხების საკითხი ბანკთან ხელშეკრულებაში

607466dcef830
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.21 10:15
961
პარლამენტში ხანდაზმულთა საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთების საკითხი განიხილეს. დეპუტატთა კითხვებს “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა უპასუხეს. დეპუტატთა შეფასებით, ფაქტი, რომ დღეს ე.წ. საპენსიო სესხების განაკვეთი 30%-ს აღემატება პრობლემას წარმოადგენს.

შეხვედრის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ მთავრობა იმსჯელებს იმაზე თუ რა სახით შეიძლება პენსიონერების სესხების საკითხი ჩაიდოს პენსიების გამცემ ბანკთან ხელშეკრულების პირობებში. ამასთანავე, წოწკოლაურმა განაცხადა, რომ მათ მიერ პენსიების გაცემაზე გამოცხადებულ უკანასკნელ შერჩევაში წინადადება მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა” წარადგინა, შესაბამისად, სხვა ბანკების მხრიდან არ იყო მზაობა იმისთვის, რათა მათაც განეხორციელებინათ აღნიშნული სერვისი.

“მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ იქნება ამის განმსაზღვრელი, ეს ყველაფერი მიეწოდება მთავრობას და მთავრობა განიხილავს რომ ჩვენი პენსიონერი მოქალაქეები კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

“ლიბერთი ბანკთან” არსებულ კონტრაქტს 2022 წელს უმთავრდება ვადა. ამ პერიოდამდე ჩვენ აუცილებლად უნდა დავდოთ სწორი სატენდერო პირობები, რომელიც უფრო მეტად კონკურენტულ გარემოს გახდის. ჩვენ როდესაც გვინდოდა 2019 წელს კონკურსის გამოცხადება, აღმოჩნდა, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა არცერთი სხვა ბანკი ინფრასტრუქტურული ნაწილით არ იყო მზად. 2019 წლის მეორე ნახევარში იყო ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვა ბანკებმაც, სამწუხაროდ, ერთი ბანკის გარდა სხვა ბანკებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ტენდერში ჩართულიყვნენ, მაგრამ მოქმედ ხელშეკრულებაში საპროცენტო განაკვეთების საკითხი არ არის განსაზღვრული, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მანდატს სცილდება. სამინისტრო ვერ ჩადებს ისეთ მუხლს, რომელიც მისი სამართავი ვერ იქნება. რაც შეეხება ახალ სატენდერო პირობებს, ამისთვის შეიქმნება სპეციალური უწყებათაშორისი კომისია, წარმოდგენილი იქნება ყველა უფლებამოსილი ორგანო და ერთობლივად შედგება ახალი პირობები და როდესაც იქნება მზაობა, ჯანდაცვის სამინისტრო ამას ტენდერის სახით გამოაცხადებს”, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

“ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა კი პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ საპენსიო კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც არც ძვირია და არც იაფი, არამედ “საბაზრო” განაკვეთია.

ვასილ ხოდელის თქმით, საშუალოდ საპენსიო სესხების მოცულობა 1000-დან 2000 ლარამდეა. ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მსგავსი სესხების განაკვეთი 24%-დან 25%-მდეა, თუმცა ხანდაზმულთა შემთხვევაში კრედიტს ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული. ეს არის დაზღვევა იმისა, რომ ხანდაზმული კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულების მომსახურება წყდება. ვასილ ხოდელის თქმით, თუკი 60 წლამდე მოსახლეობაში კრედიტორთა გარდაცვალების წილი არის 0.4%, 60 წელზე ხანდაზმულ მოსახლეობაში მათი სესხის დაფარვის პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების კოეფიციენტი არის 5.4%, რაც 60 წლამდე კრედიტორების გარდაცვალების წილს 14-ჯერ აღემატება, სწორედ ამის გამო ხანდაზმულთა სესხების განაკვეთი 30.65%-ია.

მაღალია თუ დაბალი განაკვეთი, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საბაზრო განაკვეთი. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთია 30.65% - ამაში შედის საკომისიოების ღირებულებაც, საშუალო ზომა ამ სესხების არის 1000-დან 2000 ლარამდე. დღეს ამ მოცულობის სესხებზე ყველა მომხმარებლისთვის ნომინალური საბაზრო განაკვეთი არის 24%-დან 25%-მდე.

ამ სესხის კომპონენტი არის დაზღვევა - დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ თუკი ადამიანი, რომელსაც ეს კრედიტი ჰქონდა აღებული, ღმერთმა დაიფაროს და ამ ცხოვრებიდან მიდის, ამ კრედიტის დაფარვის ვალდებულება მის მემკვიდრეებს არ აქვს.

ჩემი მონაცემით, გარდაცვალების კოეფიციენტი 60 წელს ზევით მოსახლეობაში არის 5.4%, 60 წელზე დაბლა სეგმენტში კი არის 0.4%. შესაბამისად, 14-ჯერ მეტია გარდაცვალების კოეფიციენტი 60+ ასაკში,” - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

საკითხის შესახებ პარლამენტში პარტია "მოქალაქეების" ინიციატივით გამართულ მოსმენაზე კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც. მისი თქმით, საპენსიო სესხები მთლიანი სამომხმარებლო სესხების მოცულობის, დაახლოებით, 1.1%-ია. სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გატარებული საკანონმდებლო და რეგულაციური ცვლილებების შედეგად, ამ კატეგორიის სესხების განაკვეთები მცირდება.