მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კლინიკებისთვის უფასოდ გადასაცემად კომპანია Medtronic-ის დეფიბრილატორებს შეიძენს

5fd2505df1b16
BM.GE
10.12.20 22:10
868
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მისი სამინისტროს მიერ ახალი პროგრამის დაწყება დაანონსა. საუბარია 2.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესყიდვას და მათთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ 2019 წელს მიღებული 520-ე დადგენილება კლინიკებისთვის განსაკუთრებულად პრობლემური სწორედ დეფიბრილატორებთან დაკავშირებით იყო.

კლინიკები მიუთითებდნენ, რომ დეფიბრილატორის შეძენის ზღვრული ტარიფი, რაც მთავრობამ დადგენილებით გაწერა ამ აპარატების შესყიდვის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო. შესაბამისად, დეფიბრილატორების მიწოდების უზრუნველყოფა სამინისტროს მიერ ამ მხრივ განსაზღვრული ფასის ჭერის გვერდის ავლას წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეფიბრილატორების ტენდერში კომპანია “მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისმა” გაიმარჯვა, რომელიც სახელმწიფოს ირლანდიურ-ამერიკული კომპანია Medtronic-ის წარმოებულ დეფიბრილატორებს მიაწვდის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.36 მილიონი ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ ტენდერის შედეგად სახელმწიფო ამ მოწყობილობებს 0.8 მილიონი ლარით უფრო იაფად შეიძენს.

“კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს. მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ. პროექტის განხორციელება კი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

პროცედურის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება კონკრეტულ პაციენტზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს, რომლის საფუძველზეც კლინიკას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს გადასცემს.

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განსაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები უნდა აკმაყოფილებდეს, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები და განხორციელდა ფასთა კვლევა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვლინდა,”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„შევჯერდით საერთაშირისო სტანდარტებზე და გავითვალისწინეთ პაციენტების ინტერესები. ეს კომპანია სამედიცინო ტექნოლოგიებში არის მოწინავე. შესყიდვის საერთო ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარს შეადგენს, საუბარია 224 ერთეულ ერთ, ორ და სამკამერიან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე.

წინა პერიოდში მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში 17 000-დან 19 000 ლარამდე გადახდა უწევდათ. აღნიშნული პროექტით კი მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ჯიბიდან გადასახდელი თანხა. სამედიცინო აპარატები სპეციალური განაცხადის საფუძველზე, კლინიკებს ცენტრალიზებულად მიეწოდებათ. ბენეფიციარებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ, რაც საშუალოდ 3000-დან 3500 ლარს შეადგენს. ასევე, დაგეგმილია ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებაც“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. გათანაბრებული ტარიფები არაერთი კლინიკისთვის აღმოჩნდა პრობლემური, რადგანაც მათ მიერ დეფიბრილატორების შესყიდვის ღირებულება უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს სახელმწიფო ტარიფით განისაზღვრა.