მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მშენებლობების დაზღვევის მიზნით 100 მილიონიან აუქციონს აცხადებს

5f4775e8be42c
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 13:00
2088
საქართველოს მთავრობა აპირებს, ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობების დაზღვევის მიზნით,  დღეს, 100-მილიონიანი ლარის საგარანტიო აუქციონი გამოაცხადოს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

შეგახსენებთ: საუბარია მაისის ბოლოს დაანონსებული უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც მშენებლობების დასრულების გარანტირებას გულისხმობს. 

მაშინ ითქვა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფო იმ მშენებარე პროექტებს, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1700 ლარზე ნაკლებია (531 დოლარი დღეს), ფართის არაუმეტეს 30%-ის გარანტირებას მოახდენს. პროგრამის ფარგლებში "გარანტირებული" უძრავი ქონება ასევე დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში.

ანტიკრიზისულ გეგმაში ეს ინიციატივა ამგვარადაა ჩამოყალიბებული:

• სახელმწიფო, ახალი პროგრამის ფარგლებში, გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30% -ზე;
• დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ/მ-ის ფასსზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს;
• შესყიდვის გარანტია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში;
• გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსების დადასტურებას (financial closing) სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
• ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი ბინები ასევე გადაეცემათ დევნილ ოჯახებს;

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროექტის ბიუჯეტად 200 მლნ ლარი დასახელდა, მაგრამ დღეს პრემიერმა თქვა, რომ 100 მლნ-იან აუქციონს გამოაცხადებენ. როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, პროექტის ბიუჯეტი არ დაკორექტირებულა და 100 მლნ-იანი აუქციონი პირველ ეტაპს წარმოადგენს. 

„მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირების პროგრამა, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, რათა  გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა სამშენებლო ბიზნესისთვის და შემდგომ თითოეულ ქართული ოჯახისთვის, რომელთაც ჰქონდათ დანაზოგები იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინათ და არ შეშლოდათ ხელი. ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან, ჩვენ დღეს აუქციონზე გამოვიტანთ გარანტიას იმისთვის, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი.

ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წელს კრიზისების შემდგომ და ამ კრიზისის შემდგომ დარჩენილი და უფრო ადრეც დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არამხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს; გარდა იმისა რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები უკვე გააკეთეს მსგავს სამშენებლო პროექტებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.