მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მუშაობს, რომ covid ვაქცინა იანვარ-თებერვალში შემოიტანონ - გამყრელიძე

5fcf52d43afec
ინგა მურუსიძე
08.12.20 14:17
3185
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში covid-ვაქცინის შემოტანის შესაძლო ვადებსა და საჭირო პროცედურებზე კიდევ ერთხელ ისუაბრა და მედიის კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ მსოფლიო მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ვაქცინა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოვიდეს. 

როგორც ცნობილია, საქართველო ჩართულია კოვაქს პლატფორმაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დამტკიცებული ვაქცინებიდან ერთ-ერთს თავად აირჩევს, რადგან ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს. „როგორც ვიცით, „კოვაქსი“ შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ მათგან ავარჩევთ რომელს შემოვიტანთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს მარტ-აპრილი“, - ამბობს გამყრელძე. 

NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა მუშაობს ასევე ვაქცინის დანერგვის გეგმაზე და რისკ-ჯგუფებზე, თუ ვინ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, პირველ რიგში. სავარაუდოდ, მათ რიცხვში იქნებიან მედიკოსები, ხანდაზმულები, ვინც თავშესაფრებში ცხოვრობენ ა.შ. 

"ჩვენ ვმუშაობთ ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე და მუშავდება სამი სცენარი, თუ როგორ უნდა დაინერგოს მისი გაკეთება. მიმდინარეობს ასევე პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილ იქნას ქვეყანაში უფრო ადრე - იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. საუბარია 200 – 300 ათას დოზაზე, რათა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია. ეს არის პროცესი, რომლითაც წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის 30% უნდა მოვიცვათ და შემოდგომიდან გავზარდოთ ეს პროცესი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ covid-ვაქცინებზე, რომლებიც მარეგულირებლებისგან დამტკიცებას ელიან. 

„დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაიწყო ვაქცინაცია „ფაიზერის“ და გერმანული „ბიოინტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინით, რომელიც არის ლოჯისტიკურად რთულად საწარმოებელი. ის საჭიროებს -70 გრადუსიან ცივ ჯაჭვს. დაწყებულია, ასევე, შიდა მოხმარებისთვის ვაქცინაცია ჩინეთსა და რუსეთში. ამ სამ ვაქცინას შორის დამზადების ტექნოლოგიებში არის განსხვავება. დამტკიცების ეტაპზეა კიდევ ორი ვაქცინა.

29 დეკემბერს ევროკავშირსა და ევროპაში გამოსაყენებლად ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას. მომავალ კვირაში, ამ ვაქცინას ასევე დაამტკიცებს აშშ-ის FDA. გარდა ამისა, აშშ დაამტკიცებს კიდევ „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც საჭიროებს -20 გრადუსიან ცივ ჯაჭვს.

მესამე ვაქცინა, რომელიც დიდი ალბათობით 7 იანვარს დამტკიცდება, არის „ასტრა ზენეკას“ და „ოქსფორდის უნივესრიტეტის“ მიერ შექმნილი; ის საჭიროებს იმ ტიპს ცივ ჯაჭვს, რომელიც ქვეყნების უმრავლესობას აქვს, მათ შორის ჩვენც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.