მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: Rothschild & Co დაგვიწერს სტრატეგიას, როგორ გახდეს საქართველო ფინანსური ცენტრი

61bb30fcab2d9
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.21 16:31
5293
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აქტივების მმართველი და საინვესტიციო კომპანია "Rothschild & Co" იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელიც "საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის". სტრატეგიის მომზადების და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Rothschild & Co-ს ხელმძღვანელმა არიელ მალარდ დე როტშილდმა ხელი დღეს მოაწერეს.

ეს "10-წლიანი განვითარების სტრატეგიის" შემდეგ კიდევ ერთი სტრატეგიული დოკუმენტი იქნება, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მოხდება მუშაობა. თავად "10-წლიანი განვითარების სტრატეგია" ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელზეც მთავრობა წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად საუბრობდა, პრეზენტაციებსაც აწყობდა და შემოდგომაზე მის წარდგენას აანონსებდა, თუმცა დოკუმენტის ერთ ფურცელსაც ამ დრომდე დღის სინათლე არ უხილავს, არათუ მისი განხორციელების გზებს. 

რაც შეეხება "Rothschild & Co"-სთან გაფორმებული თანამშრომლობის შინაარსს, მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მის შესახებ არც თუ ისე დეტალური სახით არის ინფორმაცია წარმოდგენილი და ბოლომდე გაურკვეველია თუ რა შინაარსის დოკუმენტი უნდა მომზადდეს ან ამ დოკუმენტის საფუძველზე იღებს თუ არა მთავრობა თუნდაც ერთი რეფორმის განხორციელების ვალდებულებას. 

"შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს შორის გაიმართა, აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას, საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შეთავაზებას უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს. მათ შორისაა, როგორც ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე მსხვილი ტურისტული, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრი ეწვია ჩვენს ოფისს ბრიუსელში ევროკავშირთან ერთად გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ. ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრის აპარატთან, რომ გავუწევთ საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს რიგ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, საქართველოში ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებასთან, ასევე საქართველოსთვის ფინანსური რესურსების მოზდვასთან, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო სამუშაოს გულისხმობს”, - განაცხადა კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველმა დირექტორმა არიელ მალარდ დე როტშილდმა.

თავად "Rothschild & Co" მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური სერვისების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კომპანიის მართვის ქვეშ 78 მილიარდი ევროს აქტივებია. 

"Rothschild & Co"-ს ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები რამდენიმე თვის წინაც, ივნისსა და ნოემბერში გამართეს. მაშინ ამ შეხვედრების ორგანიზებაში პრემიერის მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები