მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ეკონომიკის ვარდნის წლევანდელი პროგნოზი შეცვალა, 2021-ში კი 5%-იან ზრდას ელის

5f75b921cd2b0
თელარა გელანტია
01.10.20 15:09
956
2021 წელს საქართველს მთავრობა ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ამის შესახებ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში, ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების საბაზო სცენარში წერია, რომელიც უკვე პარლამენტშია.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით გაიზრდება, 2023 წელს - 4.8%-ით, ხოლო 2024 წელს კი - 5.4%-ით.

რაც შეეხება 2020 წელს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს, ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით შემცირდება.

როგორც ჩანს, მთავრობამ 2020 წლისთვის ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი შეცვალა, რადგან ამ დრომდე არსებული ოფიციალური პროგნოზი -4% იყო.

"2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5% ფარგლებში პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, თუმცა COVID-19 პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებისას 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება განისაზღვრა (-4)%-ით. თუმცა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელების მიხედვით მოსალოდნელია ეკონომიკის კლების უფრო მაღალი მაჩვენებელი. 2020 წლის 7 თვის საშუალო მშპ-ის ცვლილებამ შეადგინა (-5.6)%, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 2.2%, მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12.3%, ხოლო ივლისში კლების წინასწარმა მაჩვენებელმა 5.5% შეადგინა. ზემოაღნიშნულის და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება 4.9%-ის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ- ის რეალური ზრდა 5.0%-ის ფარგლებში, რაც მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, - წერია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება მშპ-ის დეფლატორის პროგნოზს, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელია 5%-ის ფარგლებში, 2021 წელს პროგნოზირებულია 4%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში.

ინფლაციის მაჩვენებელს რაც შეეხება, წელს მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს.

„მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2020 წლის ნომინალური მშპ 49.9 მლრდ ლარით განისაზღვრა, 2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 54.5 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 69 მლრდ ლარამდე”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროა - მთავრობა ხარჯებს 17 მილიარდამდე ზრდის