მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯებს 400 მლნ დაუმატა - რისი დაფინანსება იზრდება?

6188e3bf23ffd
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.21 13:05
7833
მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 400 მილიონი ლარით, 18.84 მილიარდ ლარამდე იზრდება.

ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 6.09 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ჯანდაცვის უწყების დაფინანსება 75 მილიონი ლარით იზრდება.

2.89 მილიარდ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, წინა ვერსიასთან შედარებით დაფინანსების მატება 46 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის მიხედვით, გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობა მომდევნო წლის საგადასახადო გეგმას 220 მილიონი ლარით, 13.3 მილიარდამდე ზრდის.

ასევე 100 მილიონი ლარით, 300 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი პრივატიზაციის გეგმა.

ახალი ვალების აღების გეგმა კი 55 მილიონი ლარით, 4.34 მილიარდ ლარამდე მცირდება.

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 75,4 მლნ ლარით და განისაზღვრა 6 093,18 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

მოსახლეობის სოციალური დაცვა - 4 021,2 მლნ ლარი, რაც პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 22,5 მლნ ლარით;

საპენსიო უზრუნველყოფა - 2 885.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პენსიების ზრდა, კერძოდ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით, 260 ლარამდე იზრდება, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 25 ლარით, 300 ლარამდე.

სოციალური დახმარებებისთვის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული;

ჯანდაცვის პროგრამებისთვის 1.78 მილიარდი ლარი,რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 47,3 მლნ ლარით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

COVID-19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით;
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა - 820.0 მლნ ლარი;
იმუნიზაცია - 50.0 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 890.0 მლნ ლარით, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 46.1 მლნ ლარით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 659.8 მლნ ლარით, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 22.3 მლნ ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 865.0 მლნ ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 65.0 მლნ ლარით);

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 356.8 მლნ ლარით, რაც ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 13.8 მლნ ლარით.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 962.4 მლნ ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 44.4 მლნ ლარზე მეტით);

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 593.1 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 16,1 მლნ ლარამდე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 777.4 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 36.4 მლნ ლარით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105.4 მლნ ლარს, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 12.4 მლნ ლარზე მეტით;

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 295.6 მლნ ლარამდე (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 27.2 მლნ ლარამდე).

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 176.6 მლნ ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 1.1 მლნ ლარზე მეტით);

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 148.7 მლნ ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 8.7 მლნ ლარით);

სამამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში 124,9 მლნ ლარი (რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 9.1 მლნ ლარით).

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 65.3 მლნ ლარი, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 4,9 მლნ ლარით;

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 68,0 მლნ ლარზე მეტს (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 3,3 მლნ ლარამდე);

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 18,5 მლნ ლარამდე (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 1.4 მლნ ლარამდე);

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება შეადგენს 31,5 მლნ ლარამდე (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 1.1 მლნ ლარამდე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები