მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ წყალტუბოს წყლები $8 მილიონად თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან გამოისყიდა

627e81c420695
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
14.05.22 00:00
3462
30 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს მინერალური წყლების კომპანია, რომლის ლიცენზიაც წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს იყო გაცემული, სახელმწიფომ $8 მილიონად გამოისყიდა. ამასთანავე, პრემიერმა თქვა, რომ მთავრობა “მომავლის წყალტუბოს” კონცეფციაზე მუშაობს.

30 აპრილის შემდგომ, bm.ge-იმ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტოს, ასევე, სხვა საჯარო უწყებებს მიმართა თუ რომელი კომპანიისგან გამოისყიდეს წყალტუბოს სამკურნალო მინერალური წყლების 25-წლიანი ლიცენზია და ინფრასტრუქტურა $8 მილიონად. ოფიციალური უწყებებიდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ესაა კომპანია სს “ბალნეოსერვისი”, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში მის საკუთრებაში არსებული ლიცენზია და აქტივები $8,150,000-ად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ შპს “წყალტუბოს თერმულ წყლებს“ მიჰყიდა. აღსანიშნია, რომ ეს უკანასკნელი გასული წლის ბოლოს დაარსდა.

საუბარია 17 ჰექტარის ფართობის 11 უძრავ ქონებაზე, რომლებზეც საერთო ჯამში 8,000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია განთავსებული, ასევე მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიაზე, რომელიც 2037 წლამდე არის მოქმედი.

სს “ბალნეოსერვისი” 1996 წელს დაარსდა და ის წლების განმავლობაში წყალტუბოში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლების აბანოებს მართავდა. კომპანიამ 2012 წლის 12 აპრილს სახელმწიფოსგან ამ წყლების გამოყენების განახლებული ლიცენზიაც მოიპოვა, რაშიც 200,000 ლარი გადაიხადა. გადაცემულ ლიცენზიას თან ახლდა საინვესტიციო ვალდებულება. კერძოდ, კომპანია ვალდებული იყო, ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2016 წლამდე $4.5 მილიონის ინვესტიცია ჩაედო. ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ეს ინვესტიცია მართლაც განხორციელდა, რის შემდეგაც “ბალნეოსერვისს” უძრავი ქონება მუდმივ საკუთრებაში გადაეცა.

სააქციო საზოგადოება “ბალნეოსერვისის” 98%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული ოფშორული ფირმა PRODAMAX HOLDING LIMITED-ი ფლობს, რომელიც ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილთან არის დაკავშირებული.

კერძოდ, ბიზნესმენი  სომხიშვილი საქართველოში კომპანია TS Holdings-ს ფლობს, რომლის ვებგვერდზეც “ბალნეოსერვისი” შვილობილი კომპანიების ველშია მითითებული.

ამასთანავე, კომპანია “ბალნეოსერვისის” მიერ 18 აპრილს საჯარო რეესტრისთვის წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფირმას ოფშორულ კომპანიასთან ერთად უშუალოდ თამაზ სომხიშვილის წინაშეც აქვს ფინანსური ვალდებულება.

წყალტუბოს აბანოების გამოსყიდვის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო დუმდა და შესაძლოა, საზოგადოებას მომხდარის შესახებ კიდევ დიდი ხანი ვერ გაეგო, რომ არა პრემიერ-მინისტრის მიერ 30 აპრილს გაკეთებული განცხადება. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს წყლების გამოსყიდვა იყო აუცილებელი, რათა ამ კურორტის განვითარება გაგრძელდეს.

“მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე - წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაახლოებით $8 მილიონად აღნიშნული სიმდიდრე დაიბრუნა, გამოისყიდა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ განცხადების მიუხედავად ფაქტია, რომ 2016 წლის მდგომარეობით “ბალნეოსერვისს” უკვე შესრულებული ჰქონდა სალიცენზიო ვალდებულება და პროექტში $4.5 მილიონის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული, რის საფუძველზეც მას უძრავი ქონება სრულ საკუთრებაში გადაეცა. ამის შემდეგ სახელმწიფოს პრეტენზიები შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ თავის დროზე არ იყო კომპანიისთვის საკმარისი საინვესტიციო ვალდებულებები განსაზღვრული და მთავრობასაც არ გააჩნდა დამატებითი მოთხოვნის უფლება “ბალნეოსერვისისადმი” ახალი ინვესტიციების განხორციელების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს პასუხები BM.ge-ის:

- გთხოვთ, დეტალურად მოგვწეროთ ყველა მიზეზი, რატომაც სახელმწიფომ კერძო ინვესტორისგან ლიცენზიის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო?

- “საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს ქალაქ წყალტუბოში საკურორტო პოტენციალის განვითარება და სათანადო საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყოფილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესს, აღნიშნული პროექტი ასევე მიზნად ისახავს სამომავლოდ პოტენციური ინვესტორებისთვის და მათ მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის მომხმარებლისთვის ბალნეოლოგიურ სერვისებზე კომპლექსური და თანაბარი წვდომის შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნული კურორტ წყალტუბოს მისცემს შესაძლებლობას, აღიდგინოს ბალნეოლოგიური პროფილის ტურისტულ/დასასვენებელი კომპლექსის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ასევე ეკონომიკურ განვითარებისთვის.”

- გთხოვთ გვითხრათ, კონკრეტულად რა აქტივი გამოისყიდა მთავრობამ?

- "სს „ბალნეოსერვისსა“ და შპს „წყალტუბოს თერმული წყლებს“ შორის 2021 წლის დეკემბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 8,150,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:

11 (თერთმეტი) ერთეული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), რომლის ჯამური ფართი შეადგენს 17153 კვ/მ-ს, ხოლო მათზე განთავსებული 5 (ხუთი) ერთეული შენობა/ნაგებობების ჯამური ფართობი შეადგენს 8001,8 კვ/მ-ს;

408 დასახელების მოძრავი ქონება, მათ შორის, სხვა და სხვა სახის სამედიცინო დანადგარები/აპარატურა, ტექნიკური დანადგარები, სავენტილაციო დანადგარები, სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა ტიპის დაცვის დანადგარები, ავეჯი, საოფისე ინვენტარი და სხვა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის N13/31 ბრძანების საფუძველზე, პირდაპირი წესით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2037 წლის 26 მაისამდე."

- გთხოვთ მოგვაწოდოთ, 2012 წლიდან დღემდე რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ და რა იყო მისი სრული საინვესტიციო ვალდებულება?

- „სს „ბალნეოსერვისი“-ზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის“ 2012 წლის 25 მაისის N13/33 ბრძანების საფუძველზე სს „ბალნეოსერვისს“ განესაზღვრა 4,500,000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ეტაპობრივად, ლიცენზიის გაცემიდან 4 (ოთხი) წლის განმავლობაში, რომლის შესრულება დასტურდება შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ.


ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი:


როგორც კომპანია TS Holdings-ის ვებგვერდზე არის მითითებული, 1992-1993 წლებში თამაზ სომხიშვილი რუსული ენერგოგიგანტის Lukoil-ის გენერალური დირექტორი იყო. 1993-1999 წლებში კი კომპანია “ლუკოილ მარკეტის” გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. ბიოგრაფიის მიხედვით, 1995-2008 წლებში ის Rosneft-ისა და Lukoil-ის მიერ დაფუძნებული საერთო კომპანიის - Rosneftexport-ის გენერალური დირექტორი იყო. ამასთანავე, 2001-2005 წლებში ხელმძღვანელობდა კომპანია Danao Engineering-ს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის - სამთო და ბურღვით სამუშაოებს ახორციელებდა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, 2015 წელს საქართველოში დააფუძნა კომპანია “განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის”.

TS Holdings-ის ვებგვერდის მიხედვით, კომპანიის შვილობილი ფირმებია: სს “ბალნეოსერვისი”; შპს “ტევევიტი”; “TS ფონდი”; “ინოლაბი”; “გლობალ სელი”; “საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ასოციაცია.

ამასთანავე, ჰოლდინგის ვებგვერდზე მითითებულია, რომ მათ ჰყავთ “პარტნიორი ორგანიზაციებიც”, მათ შორისაა მეტალურგიული ქარხანა “რუსელოისი”, რომელიც მძიმე მრეწველობის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 48 მილიონი ლარი იყო. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელად ოფიციალურ ანგარიშში მითითებულია თამაზ სომხიშვილის ბიზნესპარტნიორი ჯანი მიხაილოვი, რომელიც “ბალნეოსერვისის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა.

რატომ გამოისყიდა მთავრობამ წყალტუბოს წყლები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები