მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს - როგორ შეიცვლება ხარჯები უცნობია

60b4d3005173a
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.21 16:22
693
საქართველოს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების საბაბი ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენის ტემპია, რამაც იანვარ-აპრილში 8.1% შეადგინა, ხოლო აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. ამ ფაქტორის გამო  კორექტირება შევა ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პროგნოზების ნაწილში და 4.3%-ის ნაცვლად 2021 წლის სამიზნე ზრდად 6.5% განისაზღვრება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეკონომიკის შედარებით მაღალი ზრდის გამო, დაკორექტირდება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელიც, რაც 7.1%-მდე შემცირდება. 

BMG-ის კითხვაზე, თუ რა შეიცვლება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პასუხობს: "უშუალოდ რას შეეხება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ამაზე მუშაობას ვიწყებთ ახლა."

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პროგნოზი დაკორექტირდება. 

"ნავარაუდევი პროგნოზი 2021 წლისთვის არის 6.5%, ეს არის გაცილებით მაღალი, ვიდრე იყო წინა პროგნოზით გათვალისწინებული 4.3%. ხოლო 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე მაღალი - 6.9% იქნება. მაღალი ზრდის ფონზე შევამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს 7.1%-მდე, წინა პროგნოზით დეფიციტი 7.6% იყო. დეფიციტის კლება მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. 

ჩვენი პროგნოზი მოიცავს ოპტიმისტურ სცენარსაც, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ზრდა იქნება ორნიშნა. სავსებით შესაძლებელია, რომ აქტივობა ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს, ის 10.2%-ზე არის ნავარაუდევი. ეს სცენარი ტურიზმის 2019 წლის დონის 40-45%-ით აღდგენას ითვალისწინებს. აპრილში ეს ნიშნები უკვე დავინახეთ აპრილში 44.8%-იანი ზრდაში, სადაც ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესება. ამ ფაქტორის გამო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება, ხოლო მთავრობის ვალი კიდევ უფრო მცირე იქნება. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 18.38 მილიარდი ლარია, რაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბია. ასევე რეკორდულად დიდია ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა და ის 20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

წლევანდელი ბიუჯეტით ყველაზე მეტ - 5.56 მილიარდი ლარის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს. მეორე ადგილზეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და ის 2.42 მილიარდ ლარს შეადგენს. მესამე ადგილზე იყო გაერთიანებული განათლების და კულტურა & სპორტის სამინისტროები, რომლის ბიუჯეტიც 1.8 მილიარდი ლარი იყო. თუმცა, მარტში ეს სამინისტრო ორ ნაწილად გაიყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში 1.5 მილიარდი ლარი, კულტურისა და სპორტის მიმართულებით კი 300 მილიონი ლარი დარჩა.