მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნია - განმარტება

64a2b789bcd87
ინგა მურუსიძე
03.07.23 16:10
718
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონის მიღების საკითხი დროებით დაპაუზებულია.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის თებერვალში დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილმა რიტეილ სექტორში არსებულ საგადასახადო წესების შესახებ მაშინ აღნიშნა, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არის და ბიზნესთან შეხვედრები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდებოდა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა.

BMG-იმ დღეს ეკონომიკის მინისტრს ეს ინიციატივა შეახსენა და დაინტერესდა, შემოიდო თუ არა თაროზე კანონპროექტი.

„თქვენ თქვით, რომ ინფლაცია კონკურენციის შესახებ კონკრეტულმა ქმედებებმა გამოიწვიაო. სავარაუდოდ, გულისხმობდით ე.წ. სურსათის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რაც მაშინ პრემიერმა გააკეთა, შემდეგ პროდუქტებზე აქციები გამოცხადდა. შემდეგ საკითხი გენადი არველაძეს და თქვენს გუნდს ჩაბარდა. გვაინტერესებს, დაკარგა აქტუალობა საკითხმა, რადგან ფასები დაბლა წამოვიდა და ეს მოლოდინი გაქვთ, თუ მაინც მუშაობთ? დისტრიბუტორთა ასოციაციას და სხვა რგოლებსაც ჰქონდათ კითხვა. რა ხდება ამის შემდეგ, არ ვიცითო და უთხარით“, - მიმართა ლევან დავითაშვილს BM.GE-მ.

„დიახ, ეს [ინფლაციის შემცირება] გამოიწვია ნაწილობრივ ქმედებებმა, რომელიც ჩატარდა კონკურენციის სააგენტოს მიერ და ეს იყო არაერთი შეხვედრა. ჯერ იყო ანალიზი, სიტუაციის მოკვლევა, გარკვეული პრობლემური საკითხები გამოიკვეთა სამართლიან ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ იყო კომუნიკაციები და არაერთი შეხვედრა სხვადასხვა რგოლთან - დისტრიბუტორები, იმპორტიორები თუ საცალო გამყიდველები. ბევრი საკითხი გაირკვა, პრობლემები და კითხვები, რომელიც იყო დასმული, გაირკვა ამ შეხვედრების შესაბამისად, კითხვები, რომლებიც დაისვა, გაითვალისწინეს სავაჭრო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა, ამანაც იმოქმედა ფასების შემცირებაზე.

ჩვენ იმდენად აქტუალურად არ მიგვაჩნია ახალი კანონის მიღება. ეს არის ევროკავშირის ახალი დირექტივა და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დოზით არის შემოტანილი ეროვნული კანონმდებლობის დონეზე. პირველი შეფასებები უნდა გაკეთდეს, დავაკვირდებით როგორი იქნება შეფასებები. ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს ბიზნესზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ცოტა გრძელვადიანად ვუყურებთ ამ პროცესს. ეს არ იქნება დაჩქარებული ფორმით, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება პრაქტიკული გამოცდილება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

BMG-ის ჟურნალისტის ჩაკითხვაზე - თაროზე შემოიდო თუ არა ეს კანონპროექტი, მინისტრმა უპასუხა, რომ პროცესს ანალიზი უკეთდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„დროებით არ ვმუშაობთ... პროცესს ანალიზს ვუკეთებთ და ვაკვირდებით. იმის მიხედვით მოხდება ამ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება საკანონმდებლო აქტის დონეზე, რამდენადაც მიზანშეწონილი იქნება. დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადი საკითხები კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს პირდაპირ უშულოდ დარეგულირებულია არსებული ხელშეკრულებებით, დღეს ჩვენ დიდი კითხვის ნიშანი კონკურენციის კუთხით არ გაგვაჩნია, შედეგებიც ვნახეთ ჩვენ და ეს აისახა სურსათის ფასებზე, შედეგად, პრობლემები მოხსნილია. ჩვენ არ ვჩქარობთ ამ გადაწყვეტილების მიღებას, დავაკვირდებით იმ პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი გადაწყვეტილებები არსებობს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები