მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მიერ 2014 წელს გარდაბანში გაყიდული მიწის ნაწილი 2006 წლიდან თურმე თბილისს ეკუთვნის

618b8bac46497
ინგა მურუსიძე
10.11.21 14:09
932
დღეს, პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების თანახმად, საქმე ეხება კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის“ არაერთგზის მიმართვას როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროებისადმი იმის თაობაზე, რომ ინვესტორის მიერ 2014 წელს ნაყიდი მიწის ნაწილი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გარდაბანს ეკუთვნის, თბილისის ტერიტორია აღმოჩნდა და უძრავი ქონების მფლობელი აღნიშნულის გამოსწორებას ითხოვს, რადგან სურს, რომ პროექტი სწორედ გარდაბანში განახორციელოს და არა - თბილისში. საუბარია, 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობზე. 

აღსანიშნია, რომ თავად ინვესტორი, ჯერჯერობით, მედიასთან ამ საკითხზე არ საუბრობს. bm.ge კი უკვე დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმის გასარკვევად, რეალურად, რა გაყიდეს 2014 წელს და რატომ შეექმნა ინვესტორს პრობლემა. 

განახლება 18:31 საათი. 10.11.21:
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: „სოფელ თელეთში მდებარე 3 311 127 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 2014 წლის 17 სექტემბერს. უძრავი ქონების ამონაწერის მიხედვით, ობიექტის მისამართად განისაზღვრა გარდაბანი, სოფელი თელეთი. იმავე წლის 25 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, აღნიშნული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 9 მილიონ ლარად გადაეცა შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსს“. მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო განკარგულების პროექტის მომზადებისას და მხარესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებს“

გარდაბანი-თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თემა სოზარ სუბარის კომიტეტის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარადგინა. ის განმარტავს, რომ მთავრობამ ინვესტორის მიმართვის საფუძველზე მისი მოგვარების თხოვნით პარლამენტს მიმართა, რადგან მიაჩნია, რომ ამ საკითხის გადაჭრა ბიზნესის ხელშეწყობისა და ქვეყანაში დიდი პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ღიად ამბობს, რომ ინვესტორი მიწის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მოქცევის საჭიროებას თბილისში არსებული ბიუროკრატიული პრობლემებით და მშენებლობის ნებართვის მიღების სირთულით ხსნის.

„თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს არაერთგზის მიმართა შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსმა“ და აღნიშნა, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოს და კომპანიას შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შეიძინა გარდაბნის სოფელ თელეთში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 331 ჰა და მასზე არსებული 78 კვ/მ შენობა-ნაგებობა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პარლამენტის 2006 წელს მიღებული დადგენილებით, ინვესტორის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი თბილისს ეკუთვნის.

კომპანია მუნიციპალიტეტებისადმი წარდგენილ მიმართვაში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მიწაზე ის ააშენებს პრემიუმ სტანდარტის საცხოვრებელ კომპლექსს და სარეკრეაციო ტერიტორიას, ამჟამად კი მიწაზე ფუნქციონირებს გოლფის მოედანი. კომპანიის განცხადებითვე, მსგავსი პროექტის განხორციელება დედაქალაქის ტერიტორიაზე შეუძლებელია, განაშენიანების მკაცრი გეგმითა და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობების გამო. პროექტის განხორციელება ასეთ შემთხვევაში ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული კომპანიისთვის, მათ შორის მშენებლობის ნებართვების მიღების კუთხით, კომუნიკაციების ოპერატორებთან კომუნიკაციის მიმართულებით და ა.შ. დასახლება თელეთი კი ამ პროექტისთვის სასურველად იყო მიჩნეული “, - განმარტა ნიკოლოზ როსებაშვილმა.

ამასთან, როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, მთავრობა მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთი უნდა მოექცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამდინისტრაციულ საზღვრებში, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებითაც  ნაკვეთი ფართობით 3,311,127 კვ/მ ანუ დაახლოებით, 331 ჰა განთავსებულია სწორედ სოფელ თელეთში.

„თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საკრებულოები მიიჩნევენ, რომ ეს გარემოება უნდა აღმოიფხვრას. მუნიციპალიტეტების, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ საკითხს კარგად იცნობს და იცის, რომ ინვესტორი დიდი ხანია ამისთვის იბრძვის. მან, ისევე, როგორც კომიტეტის სხვა წევრებმა, საკითხის დადებით გადაწყვეტას დაუჭირეს მხარი.

ახლა უკვე კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა ეცნობოს, ამის შემდეგ კი, როგორც რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი განმარტავს, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, Bm.ge ამ თემაზე გასულ კვირაში წერდა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არ თქმულა, თუმცა ბიუროს სხდომაზე, გასულ კვირაში ითქვა, რომ საქმე ეხება 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობს, რომელიც თბილისის ნაცვლად გარდაბანს უნდა მიაკუთვნონ.

ცნობისთვის, 2014 წელს, საქართველოს მთავრობამ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” თბილისის სამხრეთით, 3,311,127 კვადრატული მეტრი ანუ 331 ჰექტარის მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად გადასცა.

სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების განუსაზღვრა, კერძოდ, ინვესტორს ტერიტორიაზე სპორტულ/გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა დაევალა, რაშიც ინვესტიციის სახით მინიმუმ 6.4 მილიონი ლარი უნდა ჩაედო. შესაბამისად, მიწის ღირებულებისა და საინვესტიციო ვალდებულება 15.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც კვადატულ მეტრზე გადათვლით მხოლოდ 4.65 ლარს შეადგენდა.

ამჟამად, "თბილისი ჰილსი" დედაქალაქის უმსხვილეს გოლფ კლუბს და მაღალი კლასის ვილებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები