მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწარმოებლებმა პური 10 თეთრით გააძვირეს - „ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე შენარჩუნდება“

60f142d056bc1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.21 12:33
1205
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ფქვილის სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ პურის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 10 თეთრით გაიზარდა და ამ გაზრდილი ღირებულებით პური დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრამდე გაიყიდება. ამ საკითხზე მან მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.

„სახელმწიფოს მხრიდან ფქვილის სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლის შედეგად, დღეს 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 61-62 ლარს შეადგენს. ამის გამო წარმოებები იძულებული შეიქმნენ ისეთ პურზე, როგორიცაა ქვის პური, კორექტირება შეეტანათ. შესაბამისად, ეს პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა.

მიუხედავად იმისა, რომ პურის მწარმოებლებმა ფასი მხოლოდ 10 თეთრით გაზარდეს, ჩვენ საბოლოო რეალიზაციის ფასში ვერ ვერევით. ბაზრის ლიბერალიზაციიდან გამომდინარე ზოგიერთმა მაღაზიამ ფასი შეიძლება უფრო მეტადაც გაზარდოს, რაც ჩემი შეფასებით, მათი მხრიდან არასწორი იქნება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნიკორას“ ქსელში პური 15 თეთრით გაძვირდა“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ღირებულების ზრდის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ხორბლის ღირებულება ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაძვირდა. თუმცა მისი განმარტებით, პური ფასი მხოლოდ ფქვილის გაძვირებით არ გაზრდილა. მალხაზ დოლიძემ გაძვირების მიზეზად სხვა ფაქტორებიც დაასახელა ისეთი როგორიცაა, გაძვირებული ენერგომატარებლები, შესაფუთი მასალები და პურის გამოსაცხობად საჭირო სხვა იმპორტირებული პროდუქტები.

„პროგნოზი ცუდი არ არის. არსებული ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს ძალიან კარგია, იმპორტირებული ხორბალიც ხელმისაწვდომი ფასით შემოდის. ვერ დავადასტურებ იმას, რომ პურის ფასი შემცირდება, რადგან ყველაფრის ფასი იმატებს, შესაბამისად ეს არარეალურია.

ფქვილის ღირებულება პურში არის 60%, შესაბამისად, ის ძირითადი ერთეულია, რომელიც პურის ფასს ქმნის, ამიტომ ვფიქრობ, რომ პური მეტად აღარ გაძვირდება და დღეს არსებული ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე შენარჩუნდება“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ ფქვილის სუბსიდირებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება ივლისში მიიღო. პროგრამა, რომელმაც პურზე ფასის ზრდა გადააზღვია, გასული წლის დეკემბრიდან მოქმედებდა და ის ივნისის ბოლოს დასრულდა.

იმის გამო, რომ ახლა ხორბლის ახალ მოსავალს ელიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთავარ იმპორტიორ ქვეყნებში, საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის ახლა კარგი დროა, თან იმ ფონზე, როცა ხორბალსა და ფქვილზე ფასს შემცირების ტენდენცია აქვს.