02.დეკემბერი .2021 01:00

„მწვანე პასპორტის“ ეფექტი არ იქნება ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო - ირაკლი გამყრელიძე

„მწვანე პასპორტის“ ეფექტი არ იქნება ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო - ირაკლი გამყრელიძე
views 252
უკან

პედიატრიული ქირურგიის ცენტრ Kids Co-ს დირექტორი, ირაკლი გამყრელიძე მიიჩნევს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღება გარკვეულწილად დასახულ მიზანს გვაახლოებს, რაც ვაქცინაციის წახალისებაა, თუმცა ეფექტი არ იქნება ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არ ეთანხმებიან უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კოვიდ-გადატანილ პირებს „მწვანე სტატუსი“ უვადოდ მიენიჭათ, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს.

„აღმოჩნდა, რომ მართლაც განსაკუთრებული ქვეყანა ვართ, რადგან უვადო კოვიდ-პასპორტის საკითხი პირველად ჩვენ გავაჟღერეთ და არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანს შეიძლება იმუნიტეტი ჰქონდეს უვადოდ, არ არსებობს. ანალოგიური მიდგომა არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში, სადაც „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია არის დანერგილი, ან ინერგება. რა თქმა უნდა, ეს არასწორია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვეტილება გადაიხედება. „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის ეს კომპონენტი არ უზრუნველყოფს, რომ მეტად უსაფრთხო გარემო შეიქმნას იქ, სადაც „მწვანე პასპორტის“ მფლობელი პირები დაიშვებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ის ასევე ხაზს უსვამს საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობას, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ აღქმა, თითქოს „მწვანე პასპორტის“ ქონა ყველანაირ უფლებას აძლევთ და შეუძლიათ კოვიდი დაივიწყონ.

„მწვანე პასპორტი“ არ უნდა აღვიქვათ როგორც თავისუფალი ცხოვრების უფლება. მოსახლეობის ნაწილი „მწვანე პასპორტს“ სწორედ ასე აღიქვამს. ჩვენ კი უნდა ავუხსნათ, რომ ეს ასე არ არის და ეს სტატუსი მათ არ აძლევს უფლებას დაივიწყონ კოვიდი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა შექმნას მეტი მოტივაცია იმისთვის, რომ ადამიანმა აიცრას და ამით აიცილოს ის ტვირთი, რომელიც მოდის კოვიდის გავრცელებით და მეორე მხრივ, ეს არის მეტად უსაფრთხო გარემოს შექმნის ინსტრუმენტი. მწვანე პასპორტი არ უნდა ცვლიდეს ადამიანების ქცევას, ეს არის ინსტრუმენტი, რომ ადამიანებმა მეტად უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ. გარდა ამისა, აუცილებელია გვესმოდეს, რომ ყველა ის პირი, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი და არ არის აცრილი, ასევე, ყველა ის პირი, რომელიც აცრილია და არ აქვს გადატანილი კოვიდი, არის რისკის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ‘სანუკვარი“ „მწვანე პასპორტი“, რეკომენდაციები ისევე უნდა დაიცვან, როგორც აქამდე“, - ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა