09.დეკემბერი .2021 12:32

My Ways Arlines-მა სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

My Ways Arlines-მა სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
views 270
უკან

My Ways Arlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ BMG-ს კომპანიის იურისტმა თამარ მამფორიამ განუცხადა. 

“სარჩელში ვითხოვთ სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების ბათილობასა და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის ძალაში დატოვებას. წესით 24 საათში უნდა გვქონდეს სასამართლოსგან პასუხი, ჩერდება თუ არა მისი მოქმედება. გუშინ, ეს ბრძანება ოფიციალურად როგორც კი ჩაგვბარდა, მაშინვე შეწყვიტეს ფრენები ჩვენმა თვითმფრინავებმა, რადგან აღარ ჰქონდათ უფლება არც საქართველოში ფრენის და არც სხვა ქვეყნებში, სადაც თვითმფრინავები ჰყავთ ბაზირებული,”-აცხადებს მამფორია. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება 5 დეკემბერს გააგვრცელა:

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე”,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

თავად კომპანია აცხადებს, რომ წილების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.

“მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წილთა თანაფარდობა მოიყვანა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და ასევე, შეცვალა წესდება, ეს ფაქტები არ აღმოჩნდა საკმარისი სააგენტოსათვის და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტო აპირებს კომპანიას გაუუქმოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რაც ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია”, - აცხადებდნენ კომპანიაში 6 დეკემბერს.