მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში საპრივატიზაციო ნუსხას ე.წ. რიყის დოქები დაემატება

5e32a48586e62
BM.GE
30.01.20 13:38
627
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ქონების პრივატიზაციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონზე ე.წ. რიყის დოქები გამოაქვს. ამის შესახებ განცხადება დღეს უწყების ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, 15 000 კვ.მეტრზე განთავსებული ობიექტის შეფასება მოხდა არსებული წესით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და მისი ფასი 95 მილიონი ლარია.

„უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა, მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე მისი მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაში საკმაოდ დიდძალი თანხა დაიხარჯა, ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, თავისი ფუნქცია, არადა, ის ძალიან თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული - თბილისის შუაგულში, ჩვენი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, სადაც ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს ქალაქს და ამ უბანს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამჭვირვალე აუქციონის გზით შესაძლებელი იქნება იმის გატესტვა, თუ რამდენად რეალურია და ობიექტური ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. „ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ ღია, საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით საბოლოო ჯამში თავისი სწორი გამოყენება ვუპოვოთ ე.წ. რიყის დოქებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოიძებნება ამ ობიექტისთვის დაინტერესებული ბიზნეს-ჯგუფები“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პრივატიზების შემთხვევაში ობიექტის ფუნქციას და დანიშნულებას, ნათია თურნავას თქმით, ბიზნესმა ამის შესახებ თავად უნდა იმსჯელოს. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ამდგილას ნებისმიერი ობიექტის განთავსება შეიძლება, რადგან არსებობს თბილისის გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც ზღუდავს ამ ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის მშენებლობებს - შესაბამისად, აქცენტი გაკეთდება ე.წ. რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე. „ჩვენ წინასწარ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ეს უფრო რაღაც ცერემონიული ტიპის ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესს ვუტოვებთ. ველოდებით ბიზნესიდან წინადადებებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები