მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა "ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებულ პროტესტზე პირველ კომენტარს აკეთებს

5fb63c4f444c8
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 13:43
1696
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებულ პროტესტზე პირველ კომენტარს აკეთებს. საქმე იმაშია, რომ უკვე სამ კვირაზე მეტია, მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი $800-მილიონიანი პროექტის შეჩერებას და ინვესტორი კომპანია ENKA-ს მიერ ტერიტორიის დატოვებას ითხოვს. ამ დრომდე ინვესტორს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი, bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა - რა გეგმა და სტრატეგია აქვს მთავრობას არსებული ვითარების განსამუხტად და როგორია სახელმწიფოს პოზიცია. ნათია თურნავამ კითხვის პირველ ნაწილს თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ "ნამახვანი ჰესების" პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის. 

"მთლიანობაში, არ არის კარგი, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსგავსი ტიპის პროექტებს, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი; ზოგადად, ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო დიზაინი გააჩნია, ისმევა ხოლმე კითხვები და არის ხოლმე პროტესტის გარკვეული გამოხატულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით და ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება, რადგან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

ის <ნამახვანი ჰესის პროექტი> ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზეგავლენის შეფასების კუთხით და სერიოზული გეგმები აქვთ. ნებართვა გაცემულია და იქიდან გამომდინარე, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება პროექტის უსაფრთხოების თემას. ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული დასაბუთების საფუძველზე ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვეწევით; აქედან გამომდინარე, რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა პროექტის მნიშვნელობზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, ნამახვანი ჰესის პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხობის კუთხითაც მნიშვნელოვანია.

„რამდენადაც ვიცი, ინვესტორი აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან და მანამდეც მუშაობდა, სწორედ ამის გამო შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება... მთელ რიგ სოციალურ ღონისძიებებს ახორციელებს იქ ინვესტორი და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული ამ სოციალურ პროგრამაში. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, პიკზე საქართველოს 2 000-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება. პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახლეობა იქნება და უკვე დღეს მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან ბევრი ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებელია ჩართული“, - განაცხადა თურნავამ.  

ცნობისთვის, მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 23 ოქტომბერს დაწყებული აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. 16 ნოემბერს კი, აქციებთან დაკავშირებით განცხადება პროექტის ინვესტორმა კომპანიამაც გააკეთა. ENKA აანონსებს, რომ მიმდინარე პროცესებსზე კომენტარს გააკეთებენ, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს.