07.მარტი .2020 20:00

ნავიგაციის გამარტივება სასაფლაოებზე - “ჰერმესის” ახალი აპლიკაცია

views 1033
უკან

დღეის მდგომარეობით თბილისში 56 სასაფლაოა, საიდანაც დაახლოებით 30-40% მიტოვებულია. ამის პარალელურად კი კომპანია “ჰერმესში”, რომელიც თბილისის სასაფლაოებს მართავს, იმ ადამიანების მხრიდან მიმართვიანობაც გაიზარდა, რომელთაც კონკრეტული საფლავების მოძებნა უჭირდათ. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, “ჰერმესმა” შექმნა აპლიკაცია, რომელიც მსგავსი პრობლემის შემთხვევაში ადამიანებს დაეხმარება. უფრო კონკრეტულად კი, აპლიკაციის მეშვეობით საფლავს, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდით, GOOGLE MAP-ის მეშვეობით იპოვით.

“გაიცემა ჩვენს მიერ ფლობა-სარგებლობის დამადასტურებელი მოწმობა, რაზეც დატანილი იქნება ე.წ QR კოდი, რომელიც დაგენერირებული იქნება კონკრეტული სამარხის GPS წერტილთან. შესაბამისად, მობილური ტელეფონის საშუალებით და google map-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სასურველი ადგილის პოვნა. აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თავისი ტელეფონი დაანათონ QR კოდს და მიაგნონ საფლავს ძალიან მარტივად”-აცხადებს კომპანია “ჰერმესის” დირექტორი ნოდარ რაზმაძე.

აპლიკაციაზე კომპანიაში ჯერ კიდევ მუშაობენ, თუმცა ამბობენ რომ დაახლოებით 1 თვეში მისი გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება. მის გამოყენებას კი იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ საფლავი, რომელსაც თქვენ ეძებთ, ელექტრონულ ბაზაშია დარეგისტრირებული.

დღეს თბილისში სასაფლაოები 800 ჰექტრაზეა გაშენებული. სასაფლაოების აღწერა თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 2018 წლიდან მიმდინარეობს. ამ დრომდე კი 8 სასაფლაოა აღწერილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა