მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ღირებულება შედარებით გაიზარდა: რა იწვევს ფასების მერყეობას - ექსპერტების ანალიზი

5d9c3cb8ebd47
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 18:20
661
სამშაბათის ვაჭრობისას ნავთობის ფასი შედარებით გაიზარდა; მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მომავალ ხუთშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებების განახლებას ასახელებენ. აზიის ქვეყნებში ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მხარეთა შეხვედრა პროგრესს გამოიღებს.


როგორც უცხოური ბიზნეს გამოცემები წერენ, სამშაბათს, Brent-ის ფიუჩერსული ფასი გაიზარდა. ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე გაცვლითმა ფასმა დღეს დილით, გუშინდელთან შედარებით $0,33-ით მოიმატა და ბარელზე 58,68 აშშ დოლარი შეადგინა. გუშინ მისი ღირებულება ბარელზე 58,35 აშშ დოლარამდე იყო.



რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI– ს ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,31 დოლარით არის გაზრდილი და ბარელზე $ 53,06 ღირს. ორშაბათს კი, WTI 0,06 აშშ დოლარით დაეცა და ბარელზე 52,75 აშშ დოლარამდე ღირდა.



აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ ჰემ, რომელიც 10 ოქტომბერს ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე ჩინურ დელეგაციას უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ პეკინი არ აპირებს სამრეწველო პოლიტიკის და მთავრობის სუბსიდიების რეფორმირების საკითხების გადახედვას. ეს კი, ის ორი ძირითადი საკითხია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს.


ამასთან, კვირის ბოლოს მოსალოდნელია ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ ნავთობის ბაზრის განახლებული პროგნოზების გამოქვეყნება.


ბაზრის მიმომხილველების აზრით კი, ინვესტორები სიფრთხილით ეკიდებიან სტატისტიკის გამოქვეყნებას, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს 2020 წელს ნავთობის მოთხოვნის პერსპექტივებზე და OPEC-ს წარმოების მოცულობის შემცირებისკენ უბიძგოს.