მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი პროექტების დაფინანსება გაუჭირდება - ენერგეტიკოსი

5e0f3acd554d6
დავით ჯალაღონია
04.01.20 17:58
1434
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მოსახლეობისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი შეამცირა, რის გამოც სემეკ-მა, ლარის გაუფასურების მიუხედავად, გაზის ტარიფების ძველ ნიშნულზე შენარჩუნება მოახერხა.

იმის გამო, რომ კორპორაცია საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას ამ გადაწყვტილებით აუარესებს, ენერგეტიკოსი გია არაბიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ უწყებას ახალი ენერგოპროექტების დაფინანსება გაუჭირდება.

"ამ გადაწყვეტილებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციას მოგება შეუმცირდება. სწორედ მისი თანხებით ხდებოდა ახალი თბოსადგურის მშენებლობა და ამის შემდეგ, ენერგეტიკული ობიექტების დაფინანსება გაუჭირდება. „გარდაბანი 1“ როცა ააშენეს, მაშინ ლარის გაუფასურების პრობლემა არ იყო, ახლა კი ეს ფაქტორი უკვე ტარიფს დააწვა. მოსახლეობის ტარიფი რომ არ გაზრდილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

თუმცა, როდემდე შეამცირებს კორპორაცია გაზის ფასს, რთულია ამაზე საუბარი, რადგან რაღაც ნიშნულის შემდეგ, ისევ მოუწევთ ფასის გაზრდა", - განმარტავს ენერგეტიკოსი.

ამასთან, გია არაბიძე საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.

"როგორც ვიცი, საუბარი მიდის იმაზე, რომ იქნება "სოკარმა" გაზის ფასი შეამციროს", - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის 25 დეკემბერს, სემეკ-ის სხდომაზე გაირკვა, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საკუთარ თავზე აიღო მოსახლეობისთვის გაზის გაძვირების რისკი და გამანაწილებელ კომპანიებს, რომელთაც მოსახლეობამდე ბუნებრივი გაზი მიაქვთ, ფასი შეუმცირა. კერძოდ, ახალ სამომხმარებლო ტარიფში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 103-ის ნაცვლად, 86 აშშ დოლარია დაფიქსირებული.

რაც შეეხება ნავთობისა და გაზის კორპორაციის გეგმებს, როგორც რამდენიმე დღის წინ უწყებაში განაცხადეს, 2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი3“-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.

"ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.

2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ. ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა", - განაცხადეს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.