მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე: „გეფა“ ვაქცინის შემოტანის პროცესში ჩართულია, თუმცა, ჯერ უშედეგოდ

6023f129916ae
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.21 21:42
2858
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, მათ ჯგუფში შემავალი კომპანია „გეფა“, რომელიც სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების ერთ-ერთი დიდი დისტრიბუტორია, ნოემბრიდან ესაუბრება ვაქცინის მწარმოებელ ორ უდიდეს კომპანია, თუმცა ჯერ უშედეგოდ. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ვაქცინის შემოტანის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.

მან აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ვაქცინისთვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს და კერძო სექტორი ამ ბრძოლის პირველ ხაზზე უნდა იყოს.

„ერთი მხარეა - ვაქცინის მოპოვება და მისი იმპორტი და მეორე - ვაქცინაციის გეგმის შესრულება. მგონია, რომ ორივე ნაწილში კერძო სექტორის ჩართულობა კრიტიკულია. განსაკუთრებით მეორე ნაწილში, იმიტომ რომ კერძო სექტორის გარეშე მოსახლეობის ამხელა მოცვა გაჭირდება, თუნდაც იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა - პირველადი ჯანდაცვის ობიექტები, სადაც ვაქცინაცია ხდება ხოლმე, კერძოა“, - თვლის ნიკოლოზ გამყრელიძე.

ის ამბობს, რომ კერძო სექტორი აუცილებლად შეძლებს თავისი არხებით შემოიტანოს ქვეყანაში ვაქცინა, თუმცა, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.

„შეუძლებელი არაფერი მგონია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, რთულად, იქიდან გამომდინარე რომ 3 ძირითად მწარმოებელ კომპანიას, რომლის ვაქცინა მისაღებია საქართველოსთვის, პრიორიტეტში უზის ვაქცინის ჯერ სახელმწიფოებისთვის, ხოლო უკვე შემდგომში კერძო კომპანიებისთვის მიწოდება. გარდა ამისა, უკვე გამოჩნდნენ დისტრიბუტორები და გადამყიდველები და იქ ხარისხია შესამოწმებელი. ამიტომ საკმაოდ რთული რუტინაა, რომელშიც ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანია „გეფაცაა“ ჩართული.

კომპანია, რომელიც სამედიცინო საგნების და მედიკამენტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისტრიბუტორი და იმპორტიორია ქვეყანაში, ვაქცინის შემოტანის პროცესში ჩართულია. ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც Pfizer-ის ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა, კომუნიკაცია გვაქვს ორ ძირითად მომწოდებელთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან სხვა ტიპის მედიკამენტების იმპორტის კუთხით, თუმცა ჯერ უშედეგოდ. მგონია, რომ ეს ყინული მალე დაიძვრება, შეიძლება ეს იმაზე მალე მოხდეს, ვიდრე გვგონია“, - განმარტა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კერძო სექტორის მიერ ვაქცინის შემოტანის ვადების დასახელება უჭირს და აცხადებს, რომ ეს მწარმოებელი კომპანიების სიმძლავრეების გაზრდაზე და ახალი ვაქცინის ავტორიზებაზეა დამოკიდებული, რაც კომერციული მოპოვებისთვის შესაძლებლობებს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანაში ხელს არავინ შეუშლის, თუმცა მისი პროგნოზით, ამ მხრივ საქართველოში კერძო სექტორის გააქტიურება ზაფხულში, ივნისის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები