28.მაისი .2021 12:50

“ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 158 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს - TI

“ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 158 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს - TI
views 798
უკან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, პარტიების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა:

პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები:

2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში 60,221,705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) - 29,166,087 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 8,037,276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 8,036,077 ლარით;

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46,586,370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11,314,940 ლარი) – სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე; სახელმწიფო დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიიღო, მეორეზე ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებული პარტიები იყვნენ, ხოლო მესამეზე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46,586,370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი - 23,881,521 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 7,975,594 ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე 5,740,011 ლარით საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემავალი პარტიები იყვნენ. 2020 წელს მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირდა.

პარტიების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 97% ფიზიკური პირების მიერ იქნა განხორციელებული, 3% კი - იურიდიული პირების მიერ.

TI-ს კვლევაში წერია, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.

აღსანიშნავია შპს „გ & კ ტექნოლოგი”, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა.

მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი შპს „ელ ჯორჯიას” შემთხვევაშიც. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის მფლობელმა, ტარიელ გიორგაძემ და დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მმართველ პარტიას მთლიანობაში 101,000 ლარი შესწირეს. იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში შპს “ელ ჯორჯიამ” ჯამში 26.4 მლნ ღირებულების ოთხი მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს „ცეკურის”, შპს „გრავიტას” და შპს „ჯი-თი ჯგუფის” შემთხვევებში.

კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს „ლ.და.კ”, რომელმაც 2020 წელს 33.9 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს;

მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჯამში 200,000 ლარი შესწირეს. სხვადასხვა წელს ამ პირებს სულ 670,000 ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ განხორციელებული.

ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს „Weekend”, რომლისგანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის 6 აპრილს 1,329,680 აშშ დოლარის (იმ დროისთვის დაახლოებით 4.2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 2020 წელს შპს „Weekend”-ის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა და მისმა სამმა ბიზნესპარტნიორმა 30 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე ჯამში 125,000 ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ;

"წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას ჰგავს.

ასეთ ჯგუფებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა წლებში სტაბილურად სწირავენ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. 2020 წელს ივანიშვილთან დაკავშირებულმა 22 პირმა ჯამში 634,300 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ. იგივე პირებს 2011 წლიდან 3 მლნ ლარზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება აქვთ გაკეთებული. ამ ჯგუფთან დაკავშირებულმა შპს „ზიმომ”, 2020 წელს 9 მლნ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო", - წერია TI-ს კვლევაში. 

მმართველი პარტიის მეორე ტრადიციულად მსხვილი დამფინანსებლების ჯგუფი შპს „ლილო-მოლთან” არის დაკავშირებული. 2020 წელს ამ კომპანიის მფლობელებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს . იგივე პირებს სხვადასხვა წელს 2 მლნ ლარზე მეტი აქვთ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეწირული.

კიდევ ერთ ასეთ ჯგუფში შპს „ბომბორა და ბავშვებთან” პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირები შედიან, რომლებმაც 2020 წელს მმართველ პარტიას ჯამში 255,000 ლარი შესწირეს; 

მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელებიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჯამში 200,000 ლარი შესწირეს.

საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით, წინა წლების მსგავსად, კვლავ მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ” 20 ოქტომბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 1 მლნ ლარის ოდენობის სესხი აიღო.

პარტიების მიერ გაღებული ხარჯები:

კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა 2020 წელს სულ 60,267,443 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% - 29,817,933 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოდიოდა, 7,995,487 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, მესამეზე კი - ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 7,818,767 ლარით;