14.ოქტომბერი .2019 22:00

„ორგანიკ ფრუტსი” - ქართული ჩირი, რომელიც ევროპაში 20-25 ევროდ გაიყიდება

views 689
უკან

ევროპის ბაზარს ხილის ჩირის ახალი მწარმოებელი კომპანია "ორგანიკ ფრუტსი" ითვისებს. როგორც BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ოთარ ლომიძემ განუცხადა, მისი ბიზნესპარტნიორები გერმანელები არიან და სწორედ ამიტომ, კომპანიის პროდუქცია ძირითადად ევროპულ საექსპორტო ბაზრებზეა გათვლილი, ხოლო ქართულ ბაზარზე "ორგანიკ ფრუტს"-ის დაახლოებით, 10% იქნება წარმოდგენილი. რა სახელწოდებით გავა კომპანია პირველად ექსპორტზე, ამ დროისთვის უცნობია.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ოთარ ლომიძის თქმით, "ორგანიკ ფრუტსი" პრემიუმ ხარისხის პროდუქციაა, ამიტომ ის მაღალშემოსავლიან სეგმენტზე იქნება გათვლილი. საქართველოში 1 კგ ხილის ჩირი 30-დან 50 ლარამდე საფასო სეგმენტს მოიცავს, ევროპის ბაზარზე კი, ის პრემიუმ სავაჭრო ქსელებში სპეციალური შეფუთვებით გაიყიდება და მისი ფასი 20-დან 25 ევრომდე იქნება.

"კომპანია წელიწადში 300 ტონა ნედლი ხილის გადამუშავების შემთხვევაში 30 ტონა ჩირს იღებს. ორი ტრაილერი ჩირი თვენახევრის წინ გერმანიაში უკვე გავიდა. სამომავლოდ კომპანია გერმანიის გარდა ჰოლანდიის, იტალიის, კორეის და იაპონიის ათვისებას გეგმავს", - განაცხადა ლომიძემ.

"ორგანიკ ფრუტს"-ის 1 800 კვ.მ-იანი საწარმო ნატახტარში მიმდინარე წელს სრული დატვირთვით ამუშავდა, რომლის მშენებლობაში ჯამში, დაახლოებით, 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო მის მოწყობაში 5 მლნ ლარია დახარჯული. კომპანიაში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებით ჩადებული ინვესტიცია 586,500 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა