მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოთხი ტყუილი“ - მამუკა ხაზარაძე პრემიერს პასუხობს

63973988296bb
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.22 18:37
1607
„ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ისეთი ტყუილით კვებავს, რომლის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ეს აზიანებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებით გაჟღერებულ ბრალდებებს, ანაკლიის პორტის ერთ-ერთმა ინვესტორმა მამუკა ხაზარაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში.

ხაზარაძე პრემიერის განცხადებაში ოთხ ტყუილს გამოყოფს, რომელიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე, ანაკლიის პორტის პროექტის შესრულებისას გაკეთებულ განცხადებაში იყო. დღეს უკვე პოლიტიკაში წასული ინვესტორი თვლის, რომ ამ ტყუილებით პრემიერი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის.

„ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინე, მათ შორის ინვესტიციების ზომასთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს 3 მლნ აქვთ ჩადებულიო, რაც ძალიან დიდი ტყუილია. მთლიანად პროექტში 80 მლნ დოლარია ჩადებული, საიდანაც 40 მლნ დოლარი ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიერ. ეს რეესტრშია გატარებული და ამის ნახვა ყველას შეუძლია - ეს ერთი ტყუილია.

მეორე ტყუილია, რომ თურმე 5 წელი ვყოფილვართ ანაკლიის პროექტში და ვერ გავაკეთეთ. შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოვაწერეთ და 2019 წელს პროექტი მთავრობამ გააჩერა და კონსორციუმს ჩამოართვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წელს სრულად ჩვენი დევნის წელი იყო, რადგან პირველი განცხადება პროკურატურამ 2019 წელს გააკეთა და მთელი წლის განმავლობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის დევნა მიმდინარეობდა, ბუნებრივია გამოდის, რომ ამ პროექტში რეალურად 2.5 წელი ვიყავით და მიუხედავად ამისა, ჩვენ შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტის შექმნა მოვახერხეთ. დღეს ანაკლიის დაღრმავება 11 მეტრია, რომელიც არც ფოთს და არც ბათუმს არ აქვს; გამზადებულია 100 ჰა-ზე 8 მეტრის სიღრმის პლატფორმა, სადაც 5 მლნ კუბური მეტრი იქნა ამოტუმბული და 3 500 სადრენაჟო მილი იქნა ჩადებული.

მესამე ტყუილი, რაც ასევე თვალებში ნაცრის შეყრაა, მთავრობის განცხადების მიხედვით პორტის პროექტის 51%-ით დაფინანსებაა.

ჩვენ დროს 100 მლნ ტონაჟის აშენებული პორტი სახელმწიფოს უკან უსასყიდლოდ 100%-ით გადაეცემოდა. პირობა ასეთი იყო, რომ პორტი კერძო ფულით უნდა აშენებულიყო და ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდის მერე სახელმწიფოს უფასოდ უნდა გადასცემოდა, იმიტომ რომ ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნდა ის თანხა, რომლითაც მსგავსი ინფრასტრუქტურის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი.

დღევანდელი განცხადებით, პრემიერმა თქვა, რომ ისინი 51%-ის დაფინანსებისთვის მზად არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ 640 მლნ დოლარის ღირებულების პირველი ფაზის მშენებლობაში სახელმწიფო დაახლოებით 300-350 მლნ დოლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს. მსგავსი რამ არც მომავალი წლის ბიუჯეტში წერია და არის ტყუილი.

თუ საერთაშორისო ბანკების მოთხოვნას გავითვალისწინებთ, კონსორციუმის პირობების დროს იყო იმ შემთხვევაში თუ 5 წლის განმავლობაში პორტი რაღაც მიზეზების გამო ვერ იმუშავებდა, საბანკო ვალდებულებების დასაფარად სახელმწიფოს მხრიდან 50 მლნ დოლარის დაზღვევა უნდა ყოფილიყო, გარდა ამისა ევროკავშირი და ჩვენ 50-50 მლნ-ით ვიყავით გარანტორები, ანუ 150 მლნ დოლარი გარანტია უნდა გვქონოდა.

დღეს კი სახელმწიფომ არა თუ 50 მლნ დოლარის გარანტია, არამედ 350 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების მზაობა განაცხადა. მაინტერესებს ამის წყარო და მგონი მარტივად გასაგები გახდება, რომ ეს შეუძლებელია.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც პორტი და მისი ტერიტორია და ყველა მექანიზმი სახელმწიფოს ხელშია, არათუ პორტის მშენებლობა, არამედ გზის მშენებლობაც არ დაწყებულა, რადგან პროექტირება არ არის გაკეთებული და არც მომავალი წლის ბიუჯეტში დევს მსგავსი რამ, რომ გზის და რკინიგზის პროექტირება მოხდეს, რომლის გარეშე პორტის მშენებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პრემიერის გამოსვლაში დააფიქსირა საარბიტრაჟო დავას შეეხება.

„პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან საკომპენსაციოდ 1.5 მლრდ დოლარს ვითხოვთ. ჩვენ არაფერს ვითხოვთ. ჯარიმას ადგენს არბიტრაჟი და არა მომჩივანი მხარე, ეს პროცედურაა. მსოფლიოში წამყვანი იურიდიული კომპანია Baker McKenzie ჩვენს იურიდიულ მომსახურებას განსაზღვრავს, შესაბამისად არბიტრაჟის გადაწყვეტილება და ოდენობა არბიტრების მიერაა განსაზღვრული და არა ჩვენ მიერ“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

bm.ge-ს კითხვაზე - რამდენად რეალისტურია ახალი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება, მაშინ როდესაც პორტის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ მას აინტერესებს ვინ ინტერესდება ამ პროექტით.

ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორი იმასაც აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილე საერთაშორისო ინვესტორების დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს და იქვე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ამ ინვესტიციაში, რომელიც კონფლიქტის ზონიდან 4 კმ-ის მოშორებით გაკეთდა, მსოფლიო ინვესტორთა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ - ამერიკული, ჰოლანდიური, ინგლისური, ბულგარული, უზბეკური და ქართული, რით ჯობია სხვა ინვესტორი თუნდაც ისეთ ინვესტორს, როგორიც კონტი ჯგუფია...

მაინტერესებს რომელ ინვესტიციაზეა საუბარი. რატომ უნდა დაინტერესდეს ახალი რეპუტაბელური ინვესტორი, რომ მსგავსი რამ მას არ დაემართება, როცა მასზე დიდი კომპანიებს ასეთი რაღაც გაუკეთეს...

ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ანაკლიის პორტი სჭირდება და მთავარი, რომ ეს პორტი შედგეს. არც ერთ ინვესტორს არ დავაჩაგვრინებ, რომელიც მე პირადად შემოვიყვანე, კონფლიქტის ზონიდან 4 კმ-ში ჩადეს თანხები და მთავრობა მათ როგორც რეკეტიორებს ისე მოექცა. ეს მართლაც საუკუნის რეკეტი იყო. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ არის მურუსიძის სასამართლო, ეს დამოუკიდებელი არბიტრაჟია“, - განმარტა ხაზარაძემ.