მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, ქართულ ონლაინკაზინოს 2020 წელს მოგება 177 მილიონამდე გაეზარდა

60dc42c334f8c
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.21 14:25
2414
სათამაშო სექტორი პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი იყო. ჯერჯერობით, ამ სექტორის ყველა მოთამაშის 2020 წლის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნებული არაა, თუმცა როგორც “კრისტალბეთის” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიისთვის 2020 წელი განსაკუთრებულად მოგებიანი იყო.

reportal.ge-ზე გამოქვეყნებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს “კრისტალბეთის” შემოსავალი 39%-ით 363.3 მილიონ ლარამდე გაეზარდა, კომპანიის წმინდა მოგება კი 87%-ით გაიზარდა და 177 მილიონი ლარი გახდა.

177 მილიონი ლარის  მოგება ქვეყნის მასშტაბით წმინდა მოგების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; შედარებისთვის ეს თანხა ქართული ბანკების უმრავლესობის 2019 წლის მოგებასაც აღემატება. 

ფინანსური ანგარიშის თანახმად, "კრისტალბეთის" 363.3-მილიონიანი შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

● შემოსავალი ონლაინკაზინოს თამაშებიდან - 270.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 53%;
● შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან - 70.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -1%;
● შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 11.25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 6%;
● სხვა შემოსავალი მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან - 11.12 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 437%.

ჯგუფი “კრისტალბეთის” იურიდიული სახელია შპს “მარსი”. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია 2005 წლის 5 მაისს არის რეგისტრირებული და მისი მაჟორიტარული წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული ფირმა Bwin Holdings-ია. კომპანიის მესაკუთრეთა სია ასეთია:

“Bwin Holdings (Malta) Limited - 51%; ლევან ახვლედიანი - 24%; კნიაზ დასენი - 10%; გიორგი ჩხეიძე - 5%; კობა გიგლემიანი - 5%; ვანო გიგლემიანი - 5%,” - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, ის 2020 წელს 158.5 მილიონი ლარი იყო.

ჯერჯერობით, სხვა აზარტული თამაშების კომპანიებს 2020 წლის შედეგები არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა მათი 2019 წლის ფინანსური შედეგების ნახვა შესაძლებელია სტატიაში - რა შემოსავლები აქვთ აზარტული თამაშების კომპანიებს საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები