მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირობები, რომლებიც გეოლოგიური მიმართულებით Enka Renwables-ს სამინისტრომ განუსაზღვრა

604755b51ed7c
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.21 15:01
697
პარლამენტში “ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა ინფორმაცია გარემოზე ზემოქმედების და გარემოსდაცვითი მიმართულებებით პროექტის თაობაზე. მისი განცხადებით, გეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჰიდროელექტროსადგური მკვრივ ქანებში შენდება. ამასთან, მისი თქმით, გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე. სამინისტროს განცხადებით, განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნებიც პროექტის გეოლოგიურ შეფასებასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია პროექტის მიმდებარედ არსებულ მეწყერულ ზონებზე დაკვირვება და გრუნტის წყლებზე დაკვირვება. 

სამინისტროს ინფორმაციით, შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით  შემდეგი პირობების შესრულება დაევალა:

• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების განლაგების და მათ მიმდებარედ არსებულ მეწყრულ უბნებზე პერიოდული ვიზუალური მონიტორინგის წარმოება (განსაკუთრებით წყალსაცავის მდგრადობაზე მათი გავლენის კონტროლის მიზნით) და მიღებული შედეგების 6 თვეში ერთხელ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა;
• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს N6 მეწყერზე (გონის მასივი) ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემის მოწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინასწარი კვლევების ჩატარება და შედეგების სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული კვლევების განხორციელება დასაშვებია ჰესის მშენებლობის პარალელურად, ხოლო მონიტორინგის სისტემის ინსტალაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნას წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწყრულ სხეულზე გათვალისწინებულია პიეზომეტრების და ინკლინომეტრების მოწყობა (რისთვისაც საჭირო გახდება ჭაბურღილების გაყვანა), მეწყრული სხეულის სიმძლავრის (ცოცვის სიბრტყე ან შესუსტების ზონის მდებარეობა სიღრმეში) დადგენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჭაბურღილების გაყვანის შედეგად მიღებული ინფორმაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში;
• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების, ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით. მშენებლობის პროცესში აუცილებელია წყაროების რეჟიმზე დაკვირვება. წყაროებზე ზემოქმედება გამორიცხულია, თუმცა პირობაზე მითითებულია ასევე ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ. ასევე მეწყრული უბნები შეფასებულია, თუმცა სტანდარტები ითვალისწინებენ პარალელურ რეჟიმში კვლევების ჩატარებას. გვირაბის გაყვანის პარალელურად, კომპანიას დაევალა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის გავლენა წყალტუბოს თერმულ წყლებზე გამორიცხულია.

“რაც შეეხება ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენას კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებზე; აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების, კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე, ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია,” - აცხადებს მინისტრი.