მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა, მაისის ბოლომდე ფასის ზრდას არ ველით“ - პურის მრეწველთა კავშირი

6281fe3e709e3
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 11:52
1103
პურის მრეწველთა კავშირის განცხადებით მაისის თვეში ქვეყანაში პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა, თუმცა მაისის ბოლომდე პურის ფასი აღარ გაიზარდება. ამის შესახებ კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მაისში პურის ფასის ზრდას 20 თეთრით ვაანონსებდით, მაგრამ პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა. თვის ბოლომდე პურის ფასის ზრდას არ ველოდებით“, - თქვან მან.

მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 13 მაისს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელიც ქვეყანში ხორბლის მარაგების ამოწურვასა და წისქვილკომბინატების გაჩერებას შეეხებოდა, ფქვილის იმპორტიორებმა ტომარა ფქვილი დაახლოებით 3 ლარით გააძვირეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ფქვილი ქვეყანაში შემოდის. ამ დროისთვის ფქვილის 2 თვის მარაგი გვაქვს და ამიტომ პურთან დაკავშირებით თავის ტკივილი არ გვექნება. ეს მარაგები შემდგომში ეტაპობრივად შეივსება.

პარასკევს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფქვილის იმპორტიორებმა დაინახეს რა, რომ ქვეყანში ხორბალი არ არის, ფქვილის ღირებულება მაშინვე გაზარდეს და 72-73 ლარის ნაცვლად 75 ლარზე ნაკლებად ფქვილს აღარ ყიდიან, ეს პურის მცხობელებისთვის ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ რაღაც თვითღირებულებაში უნდა ჩავეტიოთ, როცა პურს ვაწარმოებთ. ასეთი ფაქტის წინაშე დავდექით. ახლა მარაგები გვაქვს, ეს მარაგები გზადაგზა ივსება. ფქვილის იმპორტი არ წყდება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელმა რუსთის მიერ ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟის გადასახადის საკითხზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წისქვილკომბინატები უნდა მოქმედებდნენ, თუმცა რადგან რუსეთმა საექსპორტო გადასახადი მხოლოდ ხორბალზე დააწესა და ფქვილზე არა, პურის მწარმოებლებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და პურის წარმოებაში იმპორტირებული ფქვილი უნდა მოიხმარონ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ წისქვილკომბინატები არ მუშაობენ, მაგრამ ქვეყანაში უპურობა არ იქნება“, - თქვა დოლიძემ და დასძინა, რომ რუსული ფქვილის ალტერნტიულ ბაზრებად საქართველომ შეიძლება აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი განიხილოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები