მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული სადაზღვევო ბაზარი განვითარებადია” - კარელ ვან ჰულე

645f5ca54717c
გიორგი არონია
13.05.23 22:01
691

“მოზიდული ჯამური პრემიისა და დაზღვევის საბაზრო პენეტრაციის კუთხით, საქართველო განვითარებადი ქვეყანაა”, - ასე აფასებს KU Leuven-ის პროფესორი და დაზღვევის საერთაშორისო ექსპერტი, კარელ ვან ჰულე ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას ბიემჯისთან საუბრისას. მისივე თქმით, ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს გამოარჩევს ის, რომ ბიზნესის კუთხით ქვეყანაში ყველაზე დიდი დატვირთვა ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.

“ეს ძალიან უცნაურია და არ მახსენდება სხვა ქვეყანა, სადაც ასეა. ეს ტრადიციებს უკავშირდება, რადგან ყველა ქვეყანას განვითარების საკუთარი ხაზი აქვს. ევროპაში არის ერთი ქვეყანა, ნიდერლანდები, სადაც ჯანდაცვის სექტორი სრულად კერძო კომპანიების მიერ იმართება. ყველა სხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო და კერძო დაზღვევის კომბინაცია გამოიყენება. ასეთი სისტემა გაქვთ თქვენც და ის საკმაოდ განვითარებულია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დაზღვევის სხვა მიმართულებების განვითარებაც. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ ძალიან რისკიანია და აუცილებელია, სადაზღვევო კომპანიებმა მეტი რისკი აიღონ. ბევრი მიმართულებაა, რომლის განვითარებით სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, საქართველო უკეთეს ქვეყნად აქციონ”, - აღნიშნავს კარელ ვან ჰულე ბიემჯისთან საუბრისას.

ის, რაზეც კარელ ვან ჰულე საუბრობს, სტატისტიკითაც დასტურდება. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. ამ კომპანიებმა, შარშან, სადაზღვევო პრემიის სახით 909 მილიონი ლარი მოიზიდეს. ამ თანხის 41%-ზე მეტი, ანუ 375 მილიონი ლარი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.

ბიემჯის შეკითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სადაზღვევო ბაზრის სხვა, მეტად პროფესიული სექტორების გასავითარებლად, ექსპერტი მზღვეველების მხრიდან პროფესიონალიზმს ასახელებს და დასძენს, რომ ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარგი რეგულაციები და გამართული ზედამხედველობა. “აუცილებლად გჭირდებათ ორი რამ. პირველი - კარგი რეგულაციებია, ეს დასაწყისია. არ იფიქროთ, რომ სადაზღვევო სექტორი ამას ავტომატურად გააკეთებს. კარგი რეგულაციები და მაღალი დონის პროფესიული ზედამხედველობა - თუ ეს შესრულდა და თუ მზღვეველები პროფესიონალურად იქცევიან, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლისის მფლობელებს ზარალს მყისიერად უნაზღაურებენ, დაზღვეულები კი გრძნობენ, რომ მათი სადაზღვევო მათ გვერდითაა. თუ ადამიანებს ასეთ გამოცდილებას შეუქმნი, ისინი სხვა პროდუქტებითაც დაინტერესდებიან და ბაზარი განვითარდება. ამ შესაძლებლობის გამოყენება, დიდწილად, სადაზღვევო ინდუსტრიაზე გადის. თუმცა, ყველაფერი ეს, ცხადია, პროფესიონალურად აღსრულებულ მყარ რეგულაციასა და ზედამხედველობას უნდა ეფუძნებოდეს”, - ამბობს კარელ ვან ჰულე.

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელსაც დაზღვევის ექსპერტი ბაზრის შეფასებისას ეყრდნობა - დაზღვევის პენეტრაციაა. ბიემჯის შეკითხვაზე, თუ რა განაპირობებს დაბალ პენეტრაციას, კარელ ვან ჰულე ამბობს, რომ სახეზე არის, როგორც კულტურული, ასევე მენტალობასთან დაკავშირებული მიზეზები და სოციალურ-ეკონომიკური ფონი. “თქვენ ისეთი ქვეყნიდან გამოხვედით, რომელშიც სახელმწიფო ყველაფრისგან გიცავდათ, ასე რომ ადამიანები დაზღვევის აუცილებლობას ვერ ხედავენ და პირიქით, მოელიან რომ ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამასთან, ადამიანებს, ბუნებრივად, საკუთარ პრობლემებზე ფიქრი არ სურთ, ასე რომ უნდა შეახსენოთ რომ დაზღვევა არსებობს. ამასთან, რა თქმა უნდა, ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მიზეზებსაც, რადგან რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო და მდიდარია მისი მოსახლეობა, მით უფრო მეტს ხარჯავენ ისინი დაზღვევაზე”, - ამბობს კარელ ვან ჰულე ბიემჯისთან საუბრისას.