მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი GCMC ICCA-სთან ითანამშრომლებს

60a60d2d6ae87
BM.GE
20.05.21 11:16
1007

სამშენებლო მასალების კლასტერი GCMC ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შეუერთდა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ICCA, როგორც წამყვანი სექტორული ასოციაცია, აქტიურად იმუშავებს ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელთა გაერთიანების მხარდაჭერისათვის, რამდენიმე ძირითად მიმართულებაში. თავის მხრივ, GCMC გააძლიერებს ასოციაციის ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელთა სეგმენტს.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) 2020 წლის დეკემბერში, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით დაფუძნდა. აღნიშნულ პროექტს GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. კლასტერი აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც საქართველოს სამშენებლო სექტორში - ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიაში ოპერირებენ.

სალომე არღვლიანი, კლასტერების განვითარების პროგრამის ექსპერტი (GIZ): „კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტი მიზნად ისახავს სექტორის გაძლიერებას, სამშენებლო მასალის მწარმოებელთა განვითარების, პროდუქციის ხარისხის ამაღლების, ინოვაციური ტექნოლოგიისა და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მართვის მოდელების დანერგვის ხელშეწყობით. სექტორის წამყვან ასოციაციაში გაწევრიანებით, კლასტერის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაამყარონ და გააფართოონ ურთიერთობა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე ერთობლივად იმუშაონ მთლიანი სექტორის მდგრად განვითარებაზე“.

კლასტერი მიზნად ისახავს თავისი წვლილის შეტანას სამშენებლო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციისა და უნარების ასამაღლებლად. GCMC-ს განვითარების მიდგომები ადგილობრივ კომპანიებს წვდომას აძლევს დიგიტალიზაციაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რის შედეგადაც, მათი პროდუქტიულობა იზრდება, უმჯობესდება მართვა, მარტივდება პროცესები და უმჯობესდება ხარისხი და უსაფრთხოება.

GCMC-ისთვის კომპანიების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები არის ადგილობრივი მფლობელობა, ეკონომიკური პოტენციალი, ასევე კომპანიების მზადყოფნა, აწარმოონ ინოვაციური, ხარისხიანი, ეკომეგობრული და ენერგოეფექტური პროდუქტები, გაითვალისწინონ ჭკვიანი გადაწყვეტილებები.

გაერთიანების მენეჯერი ლიკა ქარდავა აღნიშნავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებულად წარმოაჩინა ძლიერი ადგილობრივი წარმოების საჭიროება, რომლისთვისაც აუცილებელია ნდობისა და ცნობადობის ამაღლება, ხარისხზე ორიენტირება და ჯანსაღი კონკურენცია. კლასტერი თავისი ხედვისა და გეგმების განხორციელებას სწორედ, ასოციაციასთან ერთად შეუდგება.

ლიკა ქარდავა, GCMC-ის მენეჯერი: "ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის (GCMC) გაწევრიანება, ისეთ წარმატებულ დარგობრივ ორგანიზაციაში, როგორიც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაა, მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ კლასტერის, ისე - მთლიანი სექტორის გაძლიერებისათვის. თანამშრომლობის ფარგლებში, GCMC და ICCA ერთობლივად იმუშავებენ სექტორისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე: საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, ქართული სამშენებლო მასალების ხარისხის გაუმჯობესება და ნდობის გამყარება. ICCA-ში გაწევრიანების შედეგად, ხელს შევუწყობთ ამ ორი ორგანიზაციის წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სამშენებლო მასალების მწარმოებლებისთვის, რათა გაზარდონ თავიანთი პროდუქციის ცნობადობა და კონკურენტუნარიანობა ბაზარზე".

ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მასალების ქართველი მწარმოებლების გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია ასოციაციისათვის, როგორც დარგობრივი ორგანიზაციისათვის, რომელთა წევრთა უმრავლესობას სამშენებლო კომპანიები წარმოადგენენ, რადგან ეს ზრდის ხარისხიან სამშენებლო მასალებზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ვთვლი, რომ ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას სექტორის გასაძლიერებლად.“

GCMC-ს ორგანიზაციული სტრუქტურის სათავეში დირექტორთა საბჭოა წარმოდგენილი, რომელსაც ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი, თამაზ დაუშვილი. მისი თქმით, კლასტერში საინტერესო ისტორიის მქონე კომპანიებმა მოიყარეს თავი.

თამაზ დაუშვილი, კომპანია დიო, GCMC-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: „გვაქვს შიდა კომუნიკაცია, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ყოველდღე იბადება ახალი იდეები და ასე იკრებს ძალას ჩვენი კლასტერი. დღეს საკმაოდ დიდია სამშენებლო სექტორი, ამიტომ, აქ პრობლემებიც ძალიან ბევრია. შესაბამისად, ძირითადი მიზანი სამშენებლო სექტორის და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიების განვითარებაა.“

გაერთიანებაში კომპანიები გაწევრიანებულნი არიან ორი ტიპის, ჩვეულებრივი წევრისა და ასოცირებული წევრის სტატუსით, რომლებიც, თავის მხრივ, სამ სამუშაო ჯგუფში ერთიანდებიან. სამუშაო ჯგუფები, კლასტერის პრიორიტეტების შესაბამისად, შემდეგ შინაარსს ატარებს: R&D (კვლევა და განვითარება), რეგულაციები/სერტიფიცირება და ხარისხის უზრუნველყოფა.

დაფუძნების პირველ ეტაპზე, GCMC 13 ქართულ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას აერთიანებდა, დღეს მათი რიცხვი 16-ია. ეს კომპანიები არიან: აკუსტიკო, ბაზალტ ფაიბერსი, ბედეგი, დიო, კანო, კრაფტი, ლუკა, პანექსი, სმარტერი, სპეცკომფორტი, თერმოპანელი, უნივერს ბიზნეს გრუპი, ზოდი.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები