მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარხნის მუშაობის განახლება ამჯერადაც მთავრობის ხელშეწყობით მოხერხდა - "აგარის შაქარი"

622a17871e1f7
მარიამ ვარადაშვილი
14.03.22 22:42
1495
შაქრის მწარმოებელი კომპანია „აგარის შაქარი“ 1 აპრილიდან ამუშავდება, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, მუშაობის განახლება დაგეგმილი ჰქონდათ და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.

“რუსეთ-უკრაინის ომი არაფერ კავშირში არაა, ქარხნის ამუშავება ჯერ კიდევ წინა წელში მთავრობასთან შეთანხმდა და მათი ხელშეწყობით წინასწარი გაწერილი გეგმით მიმდინარეობს. მარტში სარემონტო სამუშაოებს ვასრულებთ და აპრილიდან სრული დატვირთვით ამუშავდება”, - განუცხადეს BMG-ს კომპანიაში.

ამას გარდა, “აგარის შაქარი” ისევ სახელმწიფოს სუბსიდიით იმუშავებს, თუმცა კომპანიამ არ გვიპასუხა კითხვაზე, რა თანხას დახარჯავს სახელმწიფო მათთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებში.

“ისევე როგორც წინა პერიოდში, ამჯერადაც მთავრობის ხელშეწყობით მოხერხდა ქარხნის მუშაობის განახლება, რაც საშეღავათო ენერგეტიკული და სატრანსპორტო ტარიფების დაწესებაში გამოიხატება. ქარხანა როგორც უკვე აღვნიშნეთ რემონტის პროცესშია და აპრილის თვიდან დაიწყებს პროდუქციის გამოშვებას. ნედლეული შეკვეთილია, გემი გზაშია და ვთხოვ მოსახლეობას პანიკას ნუ აჰყვება. ქარხანაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი”, - აცხადებენ კომპანიაში.

"აგარის შაქრის" დახმარების მოცულობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით bm.ge-მ ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა მათგან პასუხს ამ დრომდე ველით.

შეგახსენებთ, 2017 წლის ნოემბერში "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები