მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრონოლოგია - რა პროცესები გაიარა “ნამახვანჰესის" პროექტმა გარემოსდაცვითი მიმართულებით

60474d86581c3
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.21 14:23
1227
პარლამენტში “ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა ქრონოლოგია პროექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი განხილვების და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს მიიღო და კომპანიას ქვედა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროცესში 20-ზე მეტი პირობის დაკმაყოფილება განუსაზღვრა. ამ გადაწყვეტილებამდე კი, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ განხილვები უწყებაში ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.

ქრონოლოგია გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩატარებული კვლევების და სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვების შესახებ

“პირველადი ნებართვა გაიცა 2015 წლის 25 დეკემბერს სააქციო საზოგადოება "ნამახვანზე" და მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის შექმნისთვის 2 კასკადი იყო ამ პროექტში, ეს არის "ტვიში ჰესი" - 100 მეგავატის დადგმული სიმძლავრით და ეს არის "ნამახვანი ჟონეთის ჰესი" - 333 მეგავატის სიმძლავრის. გაცემულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამის შემდეგ 2019 წელს სააქციო საზოგადოება “ნამახვანმა” მიმართა სახელმწიფოს, რომ მშენებლობის და ექსპლუატაციის პირობებში იყო ცვლილებები შეტანილი. სკრინინგის განცხადება შემოვიდა სამინისტროში. იცით, რომ ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას. სკრინიგის დროს 2019 წლის 14 თებერვალს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საქმიანობა უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების სრულფასოვან შეფასებას. მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო მაშინ პროექტის დიზაინთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო გადაწყვეტილება მიღებული, რათა გარემოზე ზემოქმედების გეგმა სრულად ჩატარებულიყო. 2019 წლის 13 ივნისს უკვე “ENKA Renewables”-ის მიერ სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სამინისტროში იყო წარმოდგენილი წყალტუბოსა და ცაგერის ტერიტორიაზე 2-საფეხურიანი ჰესის კასკადის პროექტი. ეს პროექტი შედგება ტვიშის 100-მეგავატიანი და ნამახვანი ჟონეთის 333-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტში პირობების ცვლილების შესახებ. საუბარია ქვედა ნამახვანის პროექტზე ანუ ქვედა და ზედა ნამახვანი გაიყო და ორი ცალ-ცალკე საკითხია.

2019 წლის 13 აგვისტოს მიმართა “ENKA Renewables”-მა სამინისტროს და 19 აგვისტოს წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია. ეს ინფორმაცია განვათავსეთ საჯარო განხილვისთვის, რომელიც გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შენობაში 6 სექტემბერს. მას წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ესწრებოდა. იყო ჩვენი სამინისტრო, ექსპერტები, არასამთავრობოები, რიონის ხეობის გადარჩენის საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები. გზშ-ის გათვალისწინებით “ENKA Renewables”-ის მიერ პროექტში ცვლილებები წარმოდგენილი იყო 2019 წლის 9 ნოემბერს, სამინისტრომ 12 ნოემბერს უზრუნველყო ამ ინფორმაციის გამოქვეყნება. ასევე, წერილობითი შენიშვნებისთვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 13 იანვრამდე. ამის შემდეგ ჩაინიშნა მეორე საჯარო განხილვა, რომელიც გაიმართა 2019 წლის 20 დეკემბერს, სადაც ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს ეს შეფასება. სხდომის ოქმშიც არის ასახული, რომ განხილვას ესწრებოდა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის მოსახლეობა. 2020 წლის 21 იანვარს სამინისტრომ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კომპანიამ 28 იანვარს წარმოგვიდგინა ეს ინფორმაცია და ის გასაჯაროვდა. 15 თებერვლამდე განისაზღვრა ვადა, რათა მსურველებს დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. გზშ-ში წარმოდგენილი იყო კვლევები მიკროკლიმატზე ზემოქმედების შესახებაც. 2020 წლის 28 თებერვალს კი, მივიღეთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და განისაზღვრა სავალდებულოდ შესასრულებელი მთელი რიგი პირობები. საუბარია 20-ზე მეტ ძალიან მნიშვნელოვან პირობაზე, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ, როგორც მშენებლობის დაწყებამდე, ასევე მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში,” - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გეოლოგიური კვლევების თანახმად, კაშხალი მკვრივ ქანებში შენდება. ამასთან, მისი თქმით, გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე. კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, კაშხლის დაფუძნება მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც  გეოლოგიურ რისკებს ამცირებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა შემდეგი პირობების შესრულება:

• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების განლაგების და მათ მიმდებარედ არსებულ მეწყრულ უბნებზე პერიოდული ვიზუალური მონიტორინგის წარმოება (განსაკუთრებით წყალსაცავის მდგრადობაზე მათი გავლენის კონტროლის მიზნით) და მიღებული შედეგების 6 თვეში ერთხელ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა;
• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს N6 მეწყერზე (გონის მასივი) ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემის მოწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინასწარი კვლევების ჩატარება და შედეგების სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული კვლევების განხორციელება დასაშვებია ჰესის მშენებლობის პარალელურად, ხოლო მონიტორინგის სისტემის ინსტალაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნას წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწყრულ სხეულზე გათვალისწინებულია პიეზომეტრების და ინკლინომეტრების მოწყობა (რისთვისაც საჭირო გახდება ჭაბურღილების გაყვანა), მეწყრული სხეულის სიმძლავრის (ცოცვის სიბრტყე ან შესუსტების ზონის მდებარეობა სიღრმეში) დადგენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჭაბურღილების გაყვანის შედეგად მიღებული ინფორმაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში;
• შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების, ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით. მშენებლობის პროცესში აუცილებელია წყაროების რეჟიმზე დაკვირვება. წყაროებზე ზემოქმედება გამორიცხულია, თუმცა პირობაზე მითითებულია ასევე ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ. ასევე მეწყრული უბნები შეფასებულია, თუმცა სტანდარტები ითვალისწინებენ პარალელურ რეჟიმში კვლევების ჩატარებას. გვირაბის გაყვანის პარალელურად, კომპანიას დაევალა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის გავლენა წყალტუბოს თერმულ წყლებზე გამორიცხულია.

“რაც შეეხება ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენას კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებზე; აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების, კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე, ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია,” - აცხადებს მინისტრი.