მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე გაზრდილი ფასით მოდის“ - რითეილ ასოციაცია

63e251e0b43a3
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.23 23:35
3685
„ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე გაზრდილი ფასით მოდის“ - ასე პასუხობს პრემიერის განცხადებასა და დისტრიბუტორთა ასოციაციის შეფასებას რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი.

პრემიერის განცხადებაზე, რომ მომხმარებელს სურსათის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევთ, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში განმარტეს, რომ მაღალ ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებდა, მათ შორის რიტეილ სექტორში არსებული მაღალი გადასახადები, რომლის გადახდაც იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს დახლზე მოსახვედრად უწევთ.

რითეილ ასოციაციაში პროდუქტის გაძვირების შესაძლო ფაქტორებს ასახელებენ და ამბობენ, რომ მათი საქმიანობა უფრო ხარჯიანია, თუმცა მაღალი კონკურენციის პირობებში დარგის წარმომადგენლები პროდუქტების რეალიზებისას დაბალ მარჟებს ინარჩუნებენ და ხარჯების დაფარვას ახერხებენ.

„მსგავსი განცხადება კონკრეტული მაგალითებით უნდა იყოს გამყარებული. ერთი, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, საცალო ორგანიზებული ბაზრის სექტორში საშუალო მარჟა 25%-ია. ასევე, განვმარტავთ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რიტეილერების მხარეს კიდე უფრო დაბალი მარჟაა, რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა და შესაბამისად დიდი, მარჟის ფუფუნება რიტეილერების მხარეს არ არის. ამრიგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრემიერის განცხადება რიტეილერებისკენ ნამდვილად არ იყო მომართული.

ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე გაზრდილი ფასით მოდის, აღნიშნულს ბევრი ფაქტორი განაპირობებს და ბუნებრივია, თითოეული მომწოდებელი პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე მის ფასს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ფასის გაძვირებას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს, თუმცა პროდუქტი ქსელურ მარკეტებში უკვე გაძვირებული ფასით შედის. შესაძლოა, ამის მიზეზი პროდუქტზე საერთაშორისო ფასი, საწვავის ფასი, ინდივიდუალურად განსაზღვრული მარჟა იყოს. რიტეილერების მხარეს ამ ბოლო დროს ამოქმედებული რეგულაციები საოპერაციო ხარჯებს აძვირებს. მომწოდებლებისგან განსხვავებით საოპერაციო ხარჯები რიტეილერებს უფრო მაღალი აქვს, რომელიც სწორედ იმ დაბალი მარჟით უნდა გადაიფაროს და გავიდეს მოგებაზე. წამყვანი ხარჯები რიტეილის მხარეს იჯარა, კომუნალურები, სახელფასო და სხვა ხარჯებია“, - განმარტავს სოფიო ქაშაკაშვილი.

რაც შეეხება დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის განცხადებას, რომ მაღალი ფასნამატის ერთ-ერთი ფაქტორი რიტეილ სექტორში არსებული მაღალი გადასახადებია, სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ქსელური მარკეტების მსგავსად მცირე მარკეტებშიც პროდუქტზე მაღალი ფასებია.

„თუ ქსელური მარკეტების მაღალი მოთხოვნების გამოა ფასნამატი გაზრდილი, მაშინ არაქსელურ მარკეტებში, სადაც მოთხოვნები არ არის, რატომ არის ფასები კიდევ უფრო მაღალი ვიდრე ქსელურებში? ქსელური მარკეტები მაღალი კონკურენციის პირობებში ინარჩუნებენ ბაზარზე დაბალ ფასებს და რომ არა ქსელური მარკეტები, ფასები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ამიტომ, გამომწვევი მიზეზი ცალსახად ეს ვერ იქნება. მარტივად შედარდეს იმპორტიორების/მომწოდებლების მარჟა და მოგების ნიშნული საცალო სექტორის იგივე მაჩვენებელს და პასუხი თვითონ რიცხვებშია. ისეთი დაბალი მარჟა და მოგება როგორც საცალო სექტორშია ნამდვილად არ არის მომწოდებლების და იმპორტიორების მხარეს, თუმცა განზოგადება არ იქნება სწორი და აუცილებლად ინდივიდუალურად შესაფასებელი საკითხია“, - აცხადებს რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი