მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ თემით გარკვეული ოპოზიციური ლიდერები პოპულისტობდნენ" - ირაკლი ზარქუა საპენსიო სესხებზე

62051e664e301
თელარა გელანტია
10.02.22 18:43
1022
საპენსიო გასაცემლების ახალი ტენდერის მომზადების და ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი უწყებათშორისი კომისიის მორიგი სხდომა ხვალ იმართება. ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია დაინტერესებულმა მხარეებმა მიაწოდეს.

კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე დაიწყება.

გაუიაფდებათ თუ არა ასაკოვან მოქალაქეებს ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და როდის დასრულებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი სპეციალური უწყებათშორისი კომისია საპენსიო გასაცემლებზე ახალი ტენდერის პირობების მომზადებას, ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც BM.GE-ს უწყებათშორისი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დეპუატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა, კომისიის მთავარი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, ასაკოვანი ადამიანებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იყოს მოქნილი და რაც მთავარია, განისაზღვროს სამართლიანი ტარიფი.

„ე.წ. საპენსიო სესხების თემა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც პარლამენტში შემოსვლის პირველივე დღიდან ამ თემაზე მუშაობა დავიწყე. შემდეგ შემოგვიერთდნენ დეპუტატები - ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი და ერთად დავიწყეთ მუშაობა, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ პენსიონერების უფრო მოქნილი პირობები შევთავაზოთ. ამასთან, მინდა, მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს - მან მყისიერად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც მინისტრები და დეპუტატები შედიან. კომისია სამჯერ უკვე შეიკრიბა. მიმდინარე კვირას კიდევ იქნება ერთი შეხვედრა. უბრალოდ, დიდი პაუზა გამოვიდა, რადგან ხან ერთ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსი, ხან - მეორეს და ამ მიზეზით კომისიის წევრების უმრავლესობა ვერ შეიკრიბა. შესაბამისად, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, ასაკოვანი ადამიანებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იყოს მოქნილი და რაც მთავარია, სამართლიანი ტარიფი განისაზღვროს და მეორე მხრივ, იმ ბანკის უფლებებიც იყოს დაცული, ვინც საპენსიო გასაცემლების ახალ ტენდერში გაიმარჯვებს. ბანკი არის მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მას ვერ მოვთხოვთ ქველმოქმედებას, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ხელისუფლება და მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ოქროს შუალედი დავიჭიროთ - შედეგად, მივიღოთ ერთი მხრივ, მოქნილი და მისაღები საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის და მეორე მხრივ, ბანკისთვისაც იყოს საინტერესო ამ პროცესში ჩართვა“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა BM.GE-სთან ინტერვიუში.

- ბატონო ირაკლი, თქვენი შეფასებით, ე.წ. საპენსიო სესხებზე დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთი არ არის სამართლიანი? „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტი ძალიან ხშირად იმეორებს, რომ ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტი თავის კატეგორიაში ბაზარზე ყველაზე დაბალია....

- სხვათა შორის ამ საკითხთან მიმართებით სამწუხარო რეალობა ის იყო, რომ გარკვეული ოპოზიციური ლიდერები პოპულისტობდნენ ამ თემაზე და მე შევთავაზე მათ, რომ ერთი ბანკი მაინც მოეყვანათ, ვინც პენსიონერებს ჯერ სესხს მისცემს და თან იმაზე იაფად ვიდრე - „ლიბერთი ბანკი“... ვერ მოიყვანეს და პოპულისტობა იყო მეტი არაფერი.

- მაშინ თქვენ რას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იყოს სამართლიანი?

- მე მგონია, რომ იქნებ ჩვენ, სახელმწიფომ შევძლოთ თავისი რესურსებით რაღაცა დავაბალანსოთ. ამაზეა საუბარი, თორემ ახლა ვინც არის მომსახურე ბანკი <ლიბერთი>, ის ბენეფიციარებს ბევრ სერვისს სთავაზობს უფასოდ - გადარიცხვები, საკომისიო ნულია და ა.შ. მოდი, პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ წინა ხელისუფლების დრო სესხებზე წლიური ეფექტური განაკვეთი იყო 100%, შემდეგ ჩვენი ხელისუფლების მონდომებით, შევამცირეთ 70%-მდე, შემდეგ - 50%-მდე და ბოლოს იყო, დაახლოებით, 35%... ამ კატეგორიის სესხებს ბაზარზე 35%-ად არავინ გასცემს...

- რა მოლოდინი გაქვთ - როგორ შეიძლება ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს თუ ისედაც საბაზროა?

- იცით, რადგან ვამბობთ, რომ მათთვის <პენსიონერებისთვის> მაინც ცოტა მაღალია საპროცენტო განაკვეთი... თორემ ბაზარზე ნორმალურია ეს განაკვეთი... იქნებ რამენაირად ხელი შევუწყოთ განაკვეთის დაწევას, ამაზე მიდის მუშაობა.

- 6 თვეა უწყებათშორისი კომისია მუშაობს. სამი სხდომა გაიმართა. რა გზები იპოვეთ - შესაძლოა, რაღაც ფორმით ბიუჯეტიდანაც დასუბსიდირდეს ეს პროცესი?

- სხვადასხვა ვარიანტია... შეიძლება იყოს სუბსიდირება.. ან ის, რაც ხარჯს უზრდის იმ ბანკს, რომელიც არიგებს პენსიებს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც არ აქვთ ფილიალები და ხარჯი ეზრდებათ, იქნებ ამ ნაწილში შევეხიდოთ ან დაზღვევის მექანიზმი შემოვიტანოთ ანუ არის რამდენიმე ვარიანტი და სწორედ ეს იქნება განხილვის საგანი კომისიის სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება. კომისიის ყველა წევრის მიზანი და ამოცანაა, რომ საპენსიო სესხებზე რამენაირად დავწიოთ განაკვეთები ისე, რომ მასში მონაწილე არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაც პოპულისტურ ტალღას აჰყვა? და ახლა სიტუაცია ისეთია, რომ შესაძლოა, ბიუჯეტს დააწვეს ხარჯად ამ სოციალური ჯგუფისთვის სესხის პროცენტის დაწევა?

- ე.წ. საპენსიო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ახლა 36%-ის ფარგლებია. უწყებათშორისი კომისიის მუშაობის ფარგლებში თუ შევძელით და 36%-დან ტარიფი დაბლა ჩამოვიყვანეთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ამაზე ვმუშაობთ. რა, როგორ და რანაირად, ამაზე საუბარი და განხილვის საშუალება მხოლოდ მაშინ მექნება, როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- გამომდინარე იქიდან, რომ „ლიბერთი ბანკსა“ და სახელმწიფოს შორის საპენსიო გასაცემლებზე არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ბოლოს გასდის, დაახლოებით, როდის გახდება საჯარო ახალი ტენდერის პირობები? თან ინტერესი მაღალია...

- როგორც აღვნიშნე, მიმდინარე კვირის ბოლოს შედგება უწყებათშორისი კომისიის სხდომა და ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, სავარაუდოდ, გამოქვეყნებს პირობებს ახალ ტენდერთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ.

- და ბოლოს, მაინც უშვებთ იმის ალბათობას, რომ პენსიების დარიგება-დისტრიბუციის ნაწილში ბიუჯეტიდან იქნას გაწეული ხარჯი?

- წინ უსწრებთ მოვლენებს... რამდენიმე ვერსიაა; ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ პენსიონერებს ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მეტად შევუმციროთ.