მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასე იჭერენ ექიმებს" – ნეონატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

5f37ab1d5803a
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 14:30
1425
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ვახტანგ ყიფიანის პატიმრობაში დატოვება არასამართლიანია.

bm.ge-თან საუბრისას საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია დავითაია ამბობს, რომ საკითხი ბუნდოვანია და მისი ხელახალი მოკვლევის მოთხოვნით სამედიცინო საზოგადოება ერთიანდება. აქციების პარალელურად, ქართველი ექიმები პროცესში საელჩოების და საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებს ჩართავას აანონსებენ.

“როგორც ჩანს კანონდებლობაში არ არის ყველაფერი სწორად გათვლილი და სამინისტროშიც პრობლემაა იმიტომ, რომ კომპეტენციები, რომელიც უნდა იყოს ყველა დარგობრივ ასპექტში, ბოლომდე განხილული არ არის. ყიფიანს, რომელსაც მთელი საქართველო პატივს სცემს და ცნობილია როგორც არაჩვეულებრივი ქირურგი, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით შეულახო სახელი და დაუმსხვრიო ის, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურა. მედიცინა არ არის კარადა, რომ გააკეთე და სწორია, ყველგან შეიძლება რაღაც მოხდეს. მითუმეტეს რომ მეორე ოპერაციის დროს არც კი შესულა ის საოპერაციოში, ანესთეზია გაკეთდა და კომაში ჩავარდა ადამიანი. მესმის, რომ ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ექიმის დისკრედიტაცია არ შეიძლება თუ ყველაფერი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუ ყველაფერი ნათელი არ არის და აქ ნათელი არაფერია. სამინისტროშიც არ არის ბოლომდე კომპეტენციები გათვლილი და შესაძლოა, არასწორმა ინტერპრეტაციებმა გამოიწვია ეს. არ მგონია სამინისტროს ყიფიანის დაჭერა უნდოდეს, ვერ წარმომიდგენია უბრალოდ.

ჩემს კოლეგებს ჰქონდათ საუბარი სამინისტროსთან და იყო დაპირება სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მაგრამ არაფერი ჩანს, უკვე იყო სააპელაციო განხილვა და ისევ ციხეში დატოვეს. ამიტომ ჩვენი გეგმები ძალიან სერიოზულია, გვინდა რომ ყველა მაღალ ინსტანციას მივმართოთ, ომბუდსმენს, სამინისტროს, საელჩოს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს, შეხვედრა უკვე გვქონდა და ყველაფერი დაიგეგმა. სამშაბათს იქნება აქცია სამინისტროს წინ, ასევე უნივერსიტეტის ეზოში გავმართავთ აქციას, მთელი ქალაქის საექიმო საზოგადოება აღშფოთებულია, სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ ჩვენ არ მოვეშვებით იმიტომ, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება.

ხელახლა ვითხოვთ საქმის შესწავლას უცხოელი ექსპერტების ჩართვით. არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში სადაც ასე იჭერენ ექიმებს. თუ რამე შეეშალა ხდება ლიცენზიის ჩამორთმევა, დროებით საქმიანობის შეჩერება მის მოკვლევამდე. რა საჭიროა ციხე, მითუმეტეს მისი მიმალვის და გაქცევის საფრთხე არ არსებობდა.”- განაცხადა ია დავითაიამ.

შეგახსენებთ, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აქციას სამინისტროს წინ სამშაბათს 17 საათზე გამართავს. 

ცნობისთვის, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ექიმი ვახტაგ ყიფიანი და ასევე "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი 4 აგვისტოს დააკავეს.