მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავინ ელოდა იმას, რაც იანვარ-თებერვალში მოხდა" - რატომ გაძვირდა საწვავი?

602be974ea053
სალომე მეცხვარიშვილი
16.02.21 20:30
5904
იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო 2 კვირაში ფასი კიდევ 10-12 თეთრით მოიმატებს. მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა. შედეგად, თვენახევარში “პლაცზე” დიზელის ფასი 90 დოლარით გაიზარდა. ახლა ერთი ტონა საწვავი 510 დოლარამდე ღირს, ბენზინი კი 120 დოლარით გაძვირდა და 572 დოლარს მიაღწია.

ფასები 10-13 თეთრით უკვე გაიზარდა “ვისოლის” ქსელში. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გვიხსნის, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებას ამ მასშტაბით არავინ ელოდა. ვასილ ხორავა აცხადებს, რომ მთლიანობაში იანვრიდან-დღემდე ლიტრი საწვავის თვითღირებულება 25 თეთრით გაიზარდა, თუმცა, გაძვირება ნახტომისებური რომ არ ყოფილიყო, კომპანია ფასს ეტაპობრივად შეცვლის.

“2020 წლის პირველ ნახევარში საწვავის ფასები პრაქტიკულად ჩამოიშალა, შემდგომ ეტაპზე, წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით 2020-ის ბოლოსთვის შეიმჩნეოდა მზარდი ტენდენცია. თუმცა, ის, რაც მოხდა იანვარი-თებერვალში, ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თებერვლის დასაწყისში “პლაცზე” მივიღეთ დაახლოებით ერთბაშად 100 დოლარით და უფრო მეტით გაზრდილი ფასები. ეს გამოწვეული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებით და ზოგადი განცხადებებით ამ თემაზე. ბაზარმა ამაზე დაიწყო რეაგირება და ნავთობინდუსტრია არის გამონაკლისი, რომელმაც ყველაზე სწრაფი აღდგენა აჩვენა”,- აცხადებს ვასილ ხორავა.

მისივე განცხადებით, ნავთობის ბაზარი სწრაფადვე დაუბრუნდა მოხმარების პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს და მეტიც, ფასმა გადაასწრო პრე-კოვიდის პერიოდსაც.

“საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებული გაძვირება ქართულ რეალობაზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს ნიშნავს ფასის 25 თეთრის ფარგლებში ზრდას, რაც ძალიან მძიმეა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საწვავის სრულად იმპორტს ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც სადისტრიბუციო კომპანიისთვის, რომელიც იმპორტს საბერძნეთიდან ახორციელებს, მნიშვნელოვანია მომწოდებლის ფასი, შესაბამისად, ახალი იმპორტი იქნება სხვა ფასით წარმოდგენილი.

იმის გამო, რომ არ ყოფილიყო ერთბაშად 20-25 თეთრიანი ზრდა საწვავზე, ზრდა უკვე დავიწყეთ - წლის დასაწყისიდან 10-13 თეთრამდე შეიცვალა ღირებულება, თუმცა, ეს ტენდენცია გაგრძელდება 25 თეთრამდე. მე არ ვამბობ, რომ დღეიდან 25 თეთრით გაიზრდება ფასები, ეს ზრდა დაფიქსირდება წლის დასაწყისიდან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად”,- ამბობს ვასილ ხორავა.