22.ოქტომბერი .2020 19:00

"ბავშვთა გასართობი 150 ცენტრიდან 90-მდე უკვე დაიხურა, რამდენიმე კი - კაპიკებში იყიდება"

"ბავშვთა გასართობი 150 ცენტრიდან 90-მდე უკვე დაიხურა, რამდენიმე კი - კაპიკებში იყიდება"
views 653
უკან

თბილისში არსებული 150 ბავშვთა გასართობი ცენტრიდან 90-მდე უკვე დაიხურა, ხოლო რამდენიმე კაპიკებში იყიდება, - ამის შესახებ bm.ge-ს გასართობ ცენტრ „ლაიქის“ დამფუძნებელმა, გიორგი მთივლიშვილმა განუცხადა.

როგორც ის ამბობს, ბაზარზე სავარაუდოდ მხოლოდ ის კომპანიები დარჩებიან, რომლებიც საკუთარ ფართში მუშაობდნენ და არ ქირაობდნენ სივრცეს. 

მთივლიშვილმა გასართობი ცენტრების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს აქცია გამართა. აქციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მათთვის დახმარების პაკეტი უნდა წარედგინა, თუმცა დღეს უთხრეს, რომ კიდევ ერთი კვირა დალოდება მოუწევთ.

„იმედია, ბოლო ხუთშაბათი იქნება ამ მთავრობისთვის და მომდევნო ხუთშაბათს ვინც იქნება ხელისუფლებაში, მოგვხედავს, რომ თავზე არ დაგვენგრეს ყველაფერი. იმედია, რაღაც მაინც შეიცვლება. იცით, რომ საბანკო ვალდებულებების შესრულება უკვე გვიწევს, რაც იძულებულს გვხდის, გავყიდოთ რაც დაგვრჩა. ობიექტების დიდი ნაწილი გავასხვისეთ, თუმცა, მცირე ნაწილი დაგვრჩა“, - განაცხადა მან.

როგორც მთივლიშვილი ამბობს, კომპანიებმა „აწარმოე საქართველოსგან“ და ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ სესხად აღებული 5 მილიარდიდან მათთვის დახმარება გამოიყოფოდა, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა.

„მოვედით იმ მდგომარეობამდე, როცა არ ვიცით რა მოხდება. გვატყუებდნენ და თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ამდენი ხანი თურმე. სამარცხვინოები ხართ ყველა, ეკონომიკის მინისტრიდან დაწყებული, მოადგილეებით დამთავრებული - არაფრის მკეთებლები არ ხართ. სირცხვილია, როცა ბიზნესს ხვდები და ატყუებ. ნახევარი მილიარდი იყო ალბათ საჭირო, რომ დაახლოებით მილიონი ადამიანი გადაერჩინათ“, - განაცხადა მთივლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში 150 ბავშვთა გასართობი ცენტრია, დაიხურა და აღარ გაიხსნება დაახლოებით 80-90 ობიექტი, რომელთაგან თითოს დაახლოებით 20 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

„დარჩენილი 40%-დან ალბათ 10 გავიდა გასაყიდად ბაზარზე და იყიდება კაპიკებად, ხოლო ბაზარზე დარჩება ის რამდენიმე, ვინც თავის ფართში მოღვაწეობდა“, - ამბობს „ლაიქის" დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა