მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფარმადეპო" - ფარმაცევტების ხელზე ასაღები ანაზღაურება 800-1000 ლარია

6184d49628304
ინგა მურუსიძე
06.11.21 09:00
10618

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის, ლევანი იოსელიანის განცხადებით, საქართველოში მომსახურების სფეროში ძალიან დაბალი ანაზღაურებაა - საათში 1.80 ლარი. მათ შორის იოსელიანი ფარმაცევტებს ასახელებს. დეპუტატის თქმით, დამსაქმებლების დამოკიდებულება ასეთია - თუ არ მოსწონთ გასამრჯელო, დატოვონ სამსახური და სხვაგან ეძებონ. ის ამბობს, რომ ბიზნესს დასაქმებულების მიმართ „ველური“ დამოკიდებულება აქვს. ის გეგმავს, რომ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადოს, რაც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს.

დეპუტატს პასუხობს ბიზნესი. ფარმაცევტული კომპანია „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი "საქმის კურსის" ეთერში აცხადებს, რომ ფარმაცევტების ანაზღაურება 300 ლარს ბევრად აღემატება და მსგავსი განცხადებები მათ პროფესიულ თავმოყვარეობას ლახავს.

„ზოგადად, „ფარმადეპო“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი. ქსელში, ანუ აფთიაქებში 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, რაც შეეხება ანაზღაურებას, დარიცხული ხელფასი 1000-დან 1200 ლარამდე მერყეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელზე ასაღები ხელფასი 800-დან 1000 ლარამდეა. აფთიაქის მენეჯერის ხელფასი ამ თანხას კიდევ უფრო აღემატება.

სხვა კომპანიების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ცალსახად გეტყვით, რომ ფარმაცევტის საბაზრო ხელფასი ბევრად განსხვავდება 300 ლარისგან და ეს განცხადება რეალობას აცდენილია.

„ფარმადეპოსთვის“, რომელიც არის ერთგვარი მეტრი ბაზარზე, უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს პაციენტი და ფარმაცევტი. რეალურად, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი, რომელსაც ფარმაცევტული ბაზარი ეყრდნობა და “ფარმადეპოც“ იმიტომ არის უნიკალური, რომ ამ ორზე კეთდება ძირითადი აქცენტი. ასეთი განცხადებები ჩვენი ფარმაცევტების პროფესიულ თავმოყვარეობას ლახავს“, - განაცხადა კოზმანაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადად, „ფარმადეპოსთვის“ დაარსების დღიდან უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ფარმაცევტული ზრუნვა, რაც არის ბრენდის ფილოსოფია და რომლის გარშემოც ვითარდება.

„ფარმაცევტული ზრუნვა არის კომპეტენტური და მომხმარებელზე მორგებული მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის, ხელმისაწვდომი ფასები მედიკამენტებზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ა.შ. ეს ფარმაცევტული ზრუნვა პირველ რიგში დგას ფარმაცევტებზე, რომლებიც წინა ხაზზე დგანან და მიუხედავად პანდემიისა, სხვა ბევრი გამოწვევისა, დგანან წინა ხაზზე და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“, - აღნიშნა კოვზანაშვილმა.