მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოუცდელმა ინვესტორებმა საფონდო ბირჟა კაზინოს დაამსგავსეს" - უორენ ბაფეტი

626e9fec4a7c7
გიორგი თოლორდავა
01.05.22 21:37
2840
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა აქციონერებთან შეხვედრაზე უოლ-სტრიტის მიმდინარე ტენდენცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბროკერო პლატფორმებმა და გამოუცდელმა ტრეიდერებმა საფონდო ბირჟა კაზინოს დაამსგავსეს, მათი ქმედებები კი უფრო მეტად გემბლინგს (თამაშს) ჰგავს, ვიდრე გააზრებულ ინვესტირებას.

91 წლის ბაფეტის შეფასებით, ახალბედა, გამოუცდელი ტრეიდერების აქტიურ ვაჭრობაში ჩართვით ყველაზე დიდ სარგებელს თავად საბროკერო კომპანიები და სავაჭრო პლატფორმები იღებენ, მათ შორის ყველაზე აქტიური კი Robinhood-ია, რომელიც აშშ-ის მასშტაბით 16 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

„უოლ-სტრიტი და სავაჭრო პლატფორმები გემბლინგით [გაუაზრებელი ტრეიდინგით] გაცილებით უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე ინვესტირებით, რადგან ისინი თითოეული ტრანზაქციიდან მომსახურების საკომისიოს იღებენ“, - განაცხადა ბაფეტმა.

ბაფეტის მოსაზრებას იზიარებს Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე, 98 წლის ჩარლი მანგერიც - მისი განცხადებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საფონდო ბირჟა სპეკულაციური მანიის ფაზაში გადავიდა.

„ბირჟაზე ახლა ჩვენ ვხედავთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან აქციებისა და ინვესტირების შესახებ, მათ კი რჩევას კიდევ უფრო მეტად არაფრის მცოდნე ბროკერები უწევენ“, - განაცხადა მანგერმა.

Berkshire-ის ხელმძღვანელების კრიტიკა უკანასკნელ პერიოდში ე.წ. მიმვესტირების კულტურის გავრცელებას და დამწყები ტრეიდერების მიერ ისეთი აქტივების შეძენას უკავშირდება, როგორებიცაა: Gamestop-ისა და AMC-ის აქციები, კრიპტოვალუტა Dogecoin და Shiba Inu. ამ შემთხვევაში, ტრეიდერები ფინანსურ გადაწყვეტილებას არა ფუნდამენტურ ფაქტორებზე დაყრდნობით, არამედ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოპულარული ტრენდების მიხედვით იღებენ, - აღნიშნული მეთოდი, ცხადია, არ ითვალისწინებს რისკების სათანადო ანალიზს. 

ბაფეტის შეფასებით, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ინვესტორად მიიჩნევს, დამწყებმა ტრეიდერებმა და ინვესტორებმა გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რისკები სათანადოდ შეაფასონ, კომპანიის ღირებულება კი მისი ზრდის პოტენციალისა და ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასონ და არც ინფლუენსერებისა და ცნობილი სახეების რჩევის საფუძველზე.