05.მაისი .2020 10:10

"ჯორჯიან ბეიქერსი": პროდუქცია 8%-10%-ით გაძვირდა

views 350
უკან

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ წლიურად საქართველოში ფასების საერთო დონე 6.9%-ით გაიზარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათის ჯგუფში 16%-ით გაზრდილმა ფასებმა მოახდინა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ყველაზე მაღალი ზრდა ხილისა და ყურძნის კატეგორიაში დაფიქსირდა(45,4%). ამასთან წინა წლის აპრილთან შედარებით რძე ყველი და კვერცხი გაძვირებულია 23,2%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული კი 16,9%-ით. ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მომხმარებელს 15%-ით გაზრდილი ფასის გადახდა მოუწია.

სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა ნეგატიურად განსაკუთრებით იმპორტზე დამოკიდებულ მწარმოებლებზე აისახა. გაძვირებული ნედლეულის გამო, მათ უმეტესობას წარმოებულ პროდუქტებზე ფასების მატება მოუწიათ. ფასების ზრდა ძირითადად კურსთაშორის სხვაობამ განაპირობა, თუმცა ფასების ფორმირებაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვებიც აისახა.

„ის ნედლეული, რასაც ჩვენი წარმოება იყენებს, მათი ნაწილი მოყვა სუბსიდირებულთა სიაში, რაზეც მთავრობამ გამოაცხადა სუბსიდირების გეგმა, თუმცა ფქვილის ჯგუფი, შაქრის და ა.შ უკვე მარტის დასაწყისიდან ტრენდი იყო, რომ ძვირდებოდა, თან საკმაოდ დრამატულად გაძვირდა.

მარტის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფასები დაფიქსირდა, მაინც ძვირი გამოვიდა თვითღირებულება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვყიდულობთ ნედლეულს, ამიტომ ვერ შევძელით ის, რომ ფასი დაგვეფიქსირებინა. მარტის ბოლოდან მოხდა ჩვენი კატეგორიის პროდუქტზეც, (რაც ფქვილს და შაქარს შეიცავს) ფასების გადახედვა; საშუალოდ 8-დან 10%-მდე ფასების ცვლილება მოხდა გაძვირების მიმართულებით.

ამას ისიც დაემატა, რომ პროდუქციის თვითღირებულება მხოლოდ ნედლეულით არ შემოიფარგლება. იქ სხვადასხვა ტიპის ხარჯებია, რომელიც ხშირად უცხოურ ვალუტაშია გამოხატული, შესაბამისად კურსის დრამატულმა ცვლილებამ ეს ნედლეულიც გაგვიძვირა. ამ ყველაფერმა კი დაგვაფიქრა იმაზე, რომ რაღაც დოზით უნდა მომხდარიყო ცვლილება საფასო პოლიტიკაში“-აცხადებს ჯორჯიან ბეიქერსის ხელმძღვანელი მიშა ფარულავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა