"ლეგატო" "მწვანე პასპორტის" რეგულაციის აღსრულებაზე უარს ამბობს. იმის გამო, რომ შრომის ინსპექციამ ობიექტი შეამოწმა და მის სტუმრებს "მწვანე პასპორტის" დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, კომპანიის მხრიდან ფასდება როგორც ბიზნესისთვის ხელის შეშლა და უკანონობა.
"მწვანე პასპორტების ამოქმედების დღიდან, კომპანია „ლეგატომ“ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ყველა ჩვენმა სტუმარმა იცის, რომ ჩვენს ობიექტებში არ ხდება ადამიანების დაყოფა პასპორტის ფერისა, ეროვნებისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რადგანაც ვთვლით, რომ ეს რეგულაცია არაჰუმანურია, დისკრიმინაციულია, მითუმეტეს, რომ არ ემსახურება არანაირ გონივრულ ქმედებას და ლოგიკურ შედეგს. ჩვენ არანაირად არ ვართ ვაქცინაციის წინააღმდეგნი, თუმცა არ ვეთანხმებით მწვანე პასპორტების რეგულაციას ამ დროსა და სივრცეში.
კომპანიის ეს პოზიცია პირველი დღიდან ცნობილია შრომის უსაფრთხოების სამსახურისათვის, რის გამოც მივიღეთ გამაფრთხილებელი შეტყობინება. დღეს კი, ქმედების შესაბამისი დებულების წარდგენის გარეშე შემოიჭრნენ ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში, შეაწუხეს, შეზღუდეს და გააღიზიანეს კამერების თანხლებით დარბაზში მყოფი სტუმრები. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, შეეწყვიტათ აღნიშნული არაეთიკური საქციელი, დაეწერათ შესაბამისი აქტი მშვიდად და გასულიყვნენ ტერიტორიიდან, მათ მაინც განახორციელეს ეს არაკანონიერი პროცესი.
არავინ აძლევს უფლებას უნებართვოდ, ჯგუფურად დაადგნენ თავზე ადამიანს, შეაწყვეტინონ სადილის მირთმევა, მოსთხოვონ „რაღაცის“ დამადასტურებელი საბუთი, ნების დართვის გარეშე ეს ყველაფერი ჩაიწერონ კამერით და ჩააყენონ უაღრესად სტრესულ მდგომარეობაში.
ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მოახდინოს ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ ჩადენილ არაკანონიერ, არაჰუმანურ და ადამიანის შეურაცმყოფელ ქმედებაზე სათანადო რეაგირება!
1. ეს არის არაეთიკური!
2. ეს არის უკანონობა!
3. ეს არის ბიზნესისთვის ხელის შეშლა"-წერს კომპანია ფეისბუქ გვერდზე.